„იცით ყველამ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. საქართველო და ჩვენი პროკურატურა არის ნაწილი ამ ჯგუფისა, მიდის ამ საკითხების ეტაპობრივი გაშიფვრა. არის საკითხები, რომელიც გამოძიებას აქვს. საქართველოს თანამშრომლობას ყველა აფასებს, აღიარებს. გახსოვთ, გერმანელი პროკურორები იყვნენ ჩამოსული, იყო ერთობლივი ბრიფინგი, როდესაც პირველად მოხდა ამ ქსელის გახსნა. საქართველო არის ამ გამოძიების ერთერთი აქტიური მონაწილე. ვხედავთ, რომ ეს გამოძიება ძალიან ბევრ ადამიანს მიწვდა და ძალიან სკურპულოზურად მუშაობს. აქ სახელმწიფოს ინტერესია, ეს საკითხი ბოლომდე იქნას გამოძიებული პროფესიონალურად. მეორე მხრივ, ინტერესი ვისაც აქვს, რომ რაც შეიძლება წინსწრებით გახდეს ცნობილი, თუ რა არის შიგნით მასალებში, არის თავად დავით კეზერაშვილი. სახელმწიფოს ინტერესი, თუნდაც უმრავლესობის პოლიტიკური ინტერესი რა შეიძლება იყოს, რაც უფრო მეტი რაღაც გამომზეურდება, უფრო მეტად დავინახავთ იმას, რაც უკვე გავიგეთ მედიის მხრიდან, დავით კეზერაშვილის და „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული სხვა პირების მონაწილეობა ამ ქსელში. პოლიტიკურად რომ შევხედოთ, შეიძლება ჩვენი ინტერესი იყოს ამის გამომზეურება, მაგრამ ვინაიდან ჩვენი ინტერესია, რომ ეს გამოძიება წარიმართოს ბოლომდე პროფესიონალურად და თავის დროზე იქნას ყველაფერი გამომზეურებულიც, გამოძიებულიც და მტკიცებულებები შეგროვებული, ამიტომ გამოძიების ინტერესი არის ის, რომ დროზე ადრე რაღაც საკითხები არ გახმაურდეს და პირიქით – დავით კეზერაშვილის ინტერესია ამის დროზე ადრე გახმაურება და საინტერესო ხრიკი და სვლა არის, რომ ის იყენებს ამ პარტიას იმისთვის, რომ დააინიციროს საგამოძიებო კომისია. არ ვიცი რეალურად რა და როგორ ხდება, მაგრამ ლოგიკურად ასე ჩანს“,

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა.