გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეხმიანება მისი ყოფილი თანაგუნდელების, “გირჩის” ინიციატივას, რომლის მიხედვით, ამნისტია უნდა შეეხოს როგორც 20 ივნისს, ისე 7 ნოემბერსა და 26 მაისს.
ჯაფარიძის შეფასებით, ეს “ნიუსისთვის გაკეთებული ამბავია” და მისი გატანის შანსი ნულის ტოლია.
“არაფერი განსაკუთრებული, ჩემი აზრით, ეს არის ერთდღიანი ნიუსი. ერთდღიანი შეიძლება არ იყოს, რომ დარეგისტრირდება, კომიტეტებზე განხილვა იქნება და რამდენჯერმე განიუსდება, მაგრამ განწირულია წარუმატებლობისთვის იმიტომ, რომ ეგეთი რამე ვერ გავა, არავინ სერიოზულად მაგას არ განიხილავს, რამდენადაც მე ვიცი.
უფრო ნიუსისთვის გაკეთებულია ამბავია. პარტიებს ახასიათებთ ამ ქვეყანაში ინიციატივები, რომლის მიზანიც არის, რომ ნიუსი შეიქმნას აქედან. მათ შორის, შეიძლება იმის გამო, რომ მართლა გჯერა, რომ ასე არის სწორი, მაგრამ გასაგებია, რომ მაგის გატანის შანსი არის ნული”,- თქვა ჯაფარიძემ On.ge-სთან საუბრისას.
პარტია “გირჩი”-ს ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, ორშაბათს დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ამნისტია უნდა შეეხოს როგორც 20 ივნისის მოვლენებს, ისე 7 ნოემბერს და 26 მაისს.