გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება მოიპოვა 29362-მა აბიტურიენტმა. უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 76%-ზე მეტი გახდა სტუდენტი.
“სახელმწიფო გრანტი გადანაწილდა 6500-ზე მეტ სტუდენტზე, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი სწავლას 4200-ზე მეტი აბიტურიენტი განაგრძობს. ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1330-ზე მეტი გამოსაცდელი. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის სურვილი 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა.
პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაესაჩივრებინათ მიღებული ქულა ან კონკრეტული დავალების შეფასება. ამ შესაძლებლობით აპლიკანტთა 3%-მდე ისარგებლა – სულ შემოვიდა 3355 სააპელაციო განაცხადი, მათგან შეფასება შეიცვალა 1435 შემთხვევაში”,– აცხადებს უწყებ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რომ რეგისტრაციის გასავლელად აუცილებლად მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მიიღოს ინფორმაცია ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ, უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.