ერთიანი სია ბევრი ბევრი მიზეზის გამო არარეალიზებადია – გიგი უგულავა სააკაშვილს პასუხობს

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, ოპოზიციამ შექმნას ერთიანი სია, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ეხმიანება.

მისი თქმით, მას ეს იდეა დაკავებამდე ჰქონდა, თუმცა არარეალიზებადი აღმოჩნდა და ნაციონალური მოძრაობაც სკეპტიკური იყო.

“ერთიანი სიის იდეა მე მქონდა დაჭერამდე რამდენიმე კვირით ადრე, როცა სისტემა 73/77 რჩებოდა. ყველა ლიდერი ნაწილდებოდა მაჟორიტარულ ოლქებში, სია პირობითი იყო და დგებოდა ალფავიტის მიხედვით. სიაში ადგილს და პარტიულ კვოტებს აზრი არ ქონდა, რადგან ამ ყველაფერს კრავდა და რეალისტურს ხდიდა ის, რომ გამარჯვების შემდეგ რიგგარეშე, უკვე პროპორციული არჩევნები ტარდებოდა. ეს იდეა ბევრი მიზეზის გამო არარეალიზირებადი აღმოჩნდა. სკეპტიკური იყო მათ შორის ენმ-ც”,- ამბობს უგულავა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ 120/30-ზე სისტემით ერთიანი მაჟორიტარების წარდგენა გამარჯვების ერთადერთი გზაა, ერთიანი სია კი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილებოდეს, თუ პარლამენტი 120/30-ზე საარჩევნო მოდელს ჩააგდებს.

“დღეს როცა პროპორციულთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს აჩევნები (120/30) ერთიანი სია არარეალიზირებადია, მეტიც ერთიანი მაჟორიტარის წარდგენა ერთადერთი რეალისტური და საკმარისი ძალისხმევაა გამარჯვებისთვის. ხოლო ერთიანი სიის იდეას ოპოზიცია კვლავ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიუბრუნდეს თუ 120/30 სისტემა ჩავარდა პარლამენტში. ამასთანავე იმედი მაქვს მეტი ინტეგრაციის სურვილი არ გახდება ერთიან მაჟორიტარებზე უკვე მიღწეული ერთობის ჩაშლის მიზეზი და საბაბი”,- წერს სოციალურ ქსელში გიგი უგულავა.

მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერზე ვიდეოს აქვეყნებს და ყველა ოპოზიციურ პარტიას არჩევნებზე ერთიანი სიით გამოსვლისკენ მოუწოდებს.