კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” დაქირავებულმა მებძროლებმა, რომლებიც უკრაინულ ბახმუტზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ, შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართეს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსს და ფრონტის ხაზზე საბრძოლო მასალის არასაკმარისი მიწოდებაში დაადანაშაულეს. ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა თავის მებრძოლებს დაუჭირა მხარი. და ეს არ არის პირველი საჯარო კონფლიქტის უკრაინაში შეჭრაში მონაწილე რუსეთის სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურებს შორის. პუტინის მიერ გაჩაღებული ომის მე-11 თვეს მსგავსი კონფლიქტები ჩვეულებრივი ამბავი გახდა. ყველაზე გახმაურებული კონფლიქტები აჩვენებს, თუ როგორ ემთხვევა ისინი დროში რუსული ჯარების წარუმატებლობას.
“გენშტაბის უფროსს! შენ ხარ “პიდორი“ (რუსეთში ჰომოსექსუალების შეურაცხმყოფელი სახელი – ) და ჯანდაბა *******! ჩვენ არ გვაქვს ჭურვები, იქ ბიჭები გვიკვდებიან. და ჩვენ აქ ვსხედვართ და არა ვეხმარებით“, – ამბობს კამუფლაჟში ჩაცმული და სახედაფარული ორი მებრძოლი ვიდეოში, ჰაუბიცის, ჭურვის ყუთების და შენიღბვის ბადის ფონზე. ისინი ემოციურად საუბრობენ ჭურვების ნაკლებობაზე და ისევ მიმართავენ შეტყობინების ადრესატს: “ჩვენ ვიბრძვით აქ ბახმუტის მახლობლად მთელი უკრაინის არმიის წინააღმდეგ, სად ხართ? ბოლოს და ბოლოს დაგვეხმარეთ! ერთი სიტყვის – “პიდორის “ გარდა რა გიწოდოთ! როცა ბიჭები იღუპებიან, თქვენ სად ხართ, ყველა?”
ვიდეოს გავრცელება ასეთი მიმართვით რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, არმიის გენერალ ვალერი გერასიმოვისადმი, 26 დეკემბერს დაიწყო ვაგნერთან დაკავშირებულ ტელეგრამის არხებში. ბოლო თვეებში დაქირავებულთა ლიდერებსა და რუსეთის სამხედრო სარდლობას შორის დაპირისპირება უჩვეულო აღარ არის, მაგრამ აქამდე „ვაგნერელებს“ არ მიუციათ საკუთარი თავისთვის ასეთი მკვეთრი თავდასხმების უფლება გენერალ გერასიმოვის წინააღმდეგ. ამიტომ ამ მიმართვის გამოქვეყნებისთანავე, მრავალი სამხედრო-პატრიოტული არხის ავტორებმა დაიწყეს წერა, რომ ეს შეიძლება იყოს “უკრაინელი ნაციონალისტების” პროვოკაცია ან უკრაინის საინფორმაციო–ფსიქოლოგიური ოპერაციების ცენტრის მიერ შემოგდებული.
რუსულ ტელეგრამ სივრცეში ე.წ. პატრიოტული არხები ცდილობენ უკრაინის ფრონტზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ყველა წარუმატებლობა სწორედ ამ ცენტრის საქმიანობით ახსნან.”ЦИПсО (ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ოპერაციების ცენტრი, უკრაინის შეიარაღებული ძალების განყოფილება, რომელიც ეწევა კიბერთავდასხმებს) “
ვაგნერის დამფუძნებელი, პეტერბურგელი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი არ ჩქარობდა მიმართვის ავთენტურობის დადასტურებას. ”მე კარგად ვიცი სიტუაცია და არ ვთვლი საჭიროდ მედიისთვის ამ ინფორმაციის კომენტირებას”, – ავრცელებდა მისი პრესსამსახური პრიგოჟინის სიტყვებს მიმართვის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში.
მაგრამ 26 დეკემბრის გვიან საღამოს, პრიგოჟინმა უარყო ვერსია, რომ ვიდეოს ჩაწერის უკან შეიძლება იდგნენ „უკრაინელი ნაციონალისტები“ და გამოაქვეყნა შემდეგი ხმოვანი შეტყობინება მასთან დაკავშირებულ არხებში: „სპეციალურად თქვენს კითხვაზე პასუხის გასაცემად მივედი ბიჭებთან სანგრებში. ახლა ვინმე უკრაინელი ნაციონალისტი ნახეთ? არც მე არ მინახავს. ჩვენი მთავარი ამოცანაა და მათიც, რომ წავიდეთ და ავიღოთ ბახმუტი. ვფიქრობ, რომ ბახმუტის აღება შორს არ არის. და რაც შეეხება პრობლემებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ყოველ ნაბიჯზე ჩნდება, იმედი მაქვს, მოვაგვარებთ, და ვაიძულებთ მათ გადაჭრას. იმ გახმაურებულ ვიდეოში არანაირი ნაციონალისტები არ არიან.”
აუდიოჩანაწერის გარდა გამოქვეყნებულ მოკლე ვიდეოში ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მიწურში დგას, ულოცავს დაქირავებულებს მომავალ ახალ წელს და აღნიშნავს, რომ ოთახში თბილა. “თბილა, სიმშრალეა, არსად არაფერი წვეთავს, ყველაფერი გვაქვს”, – პასუხობენ მას დაქირავებულები.
“ვფიქრობ, ეს არის კონფლიქტი თავდაცვის სამინისტროსა და პრიგოჟინს შორის. და ის მწვავდება”, –ამბობს ბიბისი–სთან საუბარში ვაგნერის ყოფილი მებრძოლი, რომელიც ახლა ფრონტის სხვა სექტორზე იბრძვის.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ვაგნერის დამფუძნებელი ცდილობს წარმოაჩინოს მისი შემტევი რაზმები, როგორც უფრო ეფექტური, ვიდრე არმიის ფორმირებები. არადა, სინამდვილეში, დაქირავებულთა წარმატებული ქმედებები რეგულარულ ჯარებთან შედარებით არც ისე თვალსაჩინოა.
შუა გაზაფხულზე ვაგნერის რაზმები თითქმის ერთი თვის განმავლობაში უტევდნენ ქალაქ პოპასნაიას, და 20 ათასიანი ქალაქი ფაქტობრივად, მიწასთან გაასწორეს. პოპასნას შტურმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქალაქიდან “ფერფლიც კი არ დარჩენილა”. თვითგამოცხადებული ლუგანსკის რესპუბლიკის ხელისუფლებამ აღიარა, რომ პოპასნაია “თითქმის მთლიანად განადგურდა” და, ალბათ, ისინი ქალაქს სავარაუდოდ აღარ აღადგენენ.
ამის შემდეგ, ვაგნერის რაზმებმა, არმიის სხვა ფორმირებებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს თავდასხმებში სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე, რომლებიც მათ ივლისის დასაწყისში აიღეს. 3 ივლისს თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორია დაიპყრო. ეს იყო ბოლო შემთხვევა ამ ომში, როდესაც რუსული არმიამ როგორღაც შეძლო საგრძნობი წინსვლა უკრაინის ტერიტორიის სიღრმაში.
ივლისიდან დაქირავებულთა რაზმები ფრონტის ბახმუტის სექტორზე კონცენტრირდნენ და დაახლოებით ნახევარი წელია ცდილობდნენ ამ ქალაქის შტურმს. ზაფხულში ამ შეტევითი ოპერაციას შემდეგი ოპერატიული გეგმა ჰქონდა: ითვლებოდა, რომ ბახმუტზე თავდასხმის შემდეგ რუსული ჯარები შეძლებდნენ სლავიანსკ-კრამატორსკი-დრუჟკოვკა-კონსტანტინოვკას აგლომერაციაზე თავდასხმას ორი მხრიდან და შეეცდებოდნენ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას. ამ გეგმას შესაძლოა ემუშავა, რადგან რუსეთის არმია იმ მომენტში აკონტროლებდა ხარკოვის რეგიონის აღმოსავლეთს და ყავდა მნიშვნელოვანი დაჯგუფება იზიუმის მახლობლად.
მაგრამ სექტემბრის დასაწყისში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარეს წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაცია და დააბრუნეს ბალაქლეია, კუპიანსკი, იზიუმი, ლიმანი და სვიატოგორსკი. ამის შემდეგ ბახმუტზე შეტევამ სტრატეგიული მნიშვნელობა დაკარგა.
მაგრამ პრიგოჟინის რაზმებმა უარი არ თქვეს ბახმუტის აღების იდეაზე და კვლავ ცდილობენ ამას უდიდესი სისხლისღვრის ხარჯზე.
გადაწყვიტა თუ არა გენერალმა გერასიმოვმა ფრონტის ამ სექტორზე დაქირავებულთა წინსვლის შეჩერება, საბრძოლო მასალის მიწოდების შეფერხებით, თუ ევგენი პრიგოჟინმა გადაწყვიტა ბახმუტზე ექვსთვიანი წარუმატებელ შეტევაზე პასუხისმგებლობა გენერალურ შტაბზე გადაეტანა, უცნობია. მაგრამ ასეთი კონფლიქტები რუსეთის სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურებს შორის, რომლებიც ამ ომში მონაწილეობენ, ომის 11 თვის თავზე სიახლე აღარ არის.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღიდან მასში მონაწილეობდნენ: რუსეთის უშიშროების ძალები, რუსეთის გვარდიის არმიის ქვედანაყოფები და დივიზიები, ჩეჩნეთის რესპუბლიკის რაზმები, “ეფესბე“–ს თანამშრომლები, კერძო სამხედრო კომპანია და თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მობილიზებული ძალები.
უკვე 24 თებერვალს ცხადი იყო, რომ ყველა ამ სტრუქტურას შორის არის გარკვეული შიდა კონკურენცია და ყველა მათგანის შიგნით არის საკმარისი რაოდენობის ხალხი, ვისაც არ ესმის ომის დაწყების აზრი. ჯერ კიდევ მაშინ გავრცელდა სამართალდამცავი ორგანოების წყაროებიდან ჩანაწერები.კერძოდ, საუბარი ჩეჩნეთის მეთაურს რამზან კადიროვსა და ჩეჩნეთის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელის მოადგილეს, დანიილ მარტინოვს შორის. მარტინოვმა აღიარა, რომ ბევრი მეთაური შოკირებული იყო, როდესაც შეიტყვეს ოპერაციის მიზნების შესახებ შეჭრის წინა დღეს, რადგან მანამდე დარწმუნებულნი იყვნენ, რომ უბრალოდ მონაწილეობდნენ წვრთნებში ბელორუსის ტერიტორიაზე. თუმცა, დაპირდა კადიროვს, რომ მოამზადებდა “ცეკვებს მაიდნისთვის ან ხრეშჩატიკისთვის”.
როდესაც კიევზე სწრაფი შტურმი და ცეკვა არ გამოვიდა, და უკრაინის დედაქალაქის მისადგომებზე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის გვარდიის კოლონები დაწვეს, გვარდიის მებრძოლებთან ერთად, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ყოველგვარი მომზადების გარეშე გაუშვეს, ბევრს საუბრობნენ თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელს ვიქტორ ზოლოტოვს შორის მომხდარ კონფლიქტზე.
უკვე მარტის ბოლოს, საჯაროდ გაჟონა ინფორმაციამ კონფლიქტის შესახებ ჩეჩნურ ქვედანაყოფებსა და “ ვოსტოკის “ ბატალიონის მეთაურს ალექსანდრე ხოდაკოვსკის შორის, რომელიც 2014 წლიდან იბრძოდა თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის მხარეს.
შეჭრის პირველ თვეებში რამზან კადიროვი ცდილობდა ხაზი გაესვა, რომ სწორედ მისმა მებრძოლებმა მიაღწიეს მაქსიმალურ წარმატებას ფრონტის წინა ხაზზე. თუმცა, ომში მონაწილე სამხედროები აღნიშნავდნენ, რომ “კადიროველები” ჩვეულებრივ სადღაც მესამე ხაზზე იყვნენ და არა ფრონტის წინა ხაზზე და ძირითადად დაკავებულები იყვნენ ჩეჩნეთის ხელმძღვანელისთვის ვიდეოების გადაღებით. 22 მარტს ხოდაკოვსკი მიიყვანეს სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთან ჩეჩნეთიდან, ადამ დელიმხანოვთან, სადაც ვოსტოკის მეთაურს მოუწია ბოდიშის მოხდა ჩეჩენი მებრძოლების შესახებ განცხადებებისთვის და აღენიშნა მათი წვლილი საომარი მოქმედებების განვითარებაში.
მარტში, ანდრეი სოლდატოვმა, რუსეთის სპეცსამსახურების მკვლევარმა, განაცხადა პირველი საკადრო გადაადგილებებისა და “ფეესბე“-ს ზოგიერთი ოფიცრის სავარაუდო დაპატიმრების შესახებაც, რომლებიც სამხედროებმა დაადანაშაულეს უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ არასწორ ინფორმირებაში, რის გამოც თავდაპირველი გეგმები ჩავარდა და სწრაფი ბლიცკრიგი და კიევის აღება კი ვერ განხორციელდა.
შემდეგ, მარტში, ვლადიმერ პუტინმა პროკურატურას დაავალა, დაესაჯა ისინი, ვინც პასუხისმგებელნი იყვნენ უკრაინაში წვევამდელების გაგზავნაში. თავდაპირველად რუსეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ომში მონაწილეობას მხოლოდ საკონტრაქტო ჯარისკაცები მიიღებდნენ. ამ ამბავს არანაირი საჯარო შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ ივლისისთვის აღმოჩნდა, რომ რუსეთის ოთხი სამხედრო ოლქიდან სამში მეთაურები შეიცვალა და გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ახლობლებმა მედიას უთხრეს, რომ დასავლეთის სამხედრო ოლქის სარდლობამ თანამდებობები დაკარგა სწორედ იმ მიზეზით რომ გარდაცვლილ წვევამდელთა პროცენტი ძალიან მაღალი აღმოჩნდა.
ერთადერთი, ვინც თანამდებობა შეინარჩუნა ზაფხულის შუა პერიოდისთვის, ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი იყო, რომელიც იმ დროისთვის ცნობილი გახდა იმით, რომ შეძლო საკუთარი შვილის დაჯილდოება ჩერნიგოვზე წარუმატებელი თავდასხმისთვის. ის კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა უკვე სექტემბრის შუა რიცხვებში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაციის შემდეგ ხარკოვთან ახლოს. ვაგნერის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა და ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ის ამ მიმართულებით წარუმატებლობაში და ლიმანის დატოვებაში დაადანაშაულეს. ოქტომბრის ბოლოს გენერალი ლაპინი, ოფიციალური ინფორმაციით, სამკვირიან შვებულებაში გაემგზავრა, საიდანაც, როგორც ჩანს, ჯერაც არ დაბრუნებულა.
„პატრიოტმა“ ბლოგერებმა ამავდროულად დაიწყეს თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი ხელმძღვანელობის კრიტიკა, თუმცა კონკრეტული სახელების დასახელების გარეშე. ოქტომბრის დასაწყისში გენერალი სერგეი სუროვიკინი დაინიშნა უკრაინის ტერიტორიაზე მთელი სამხედრო ოპერაციის მეთაურად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ექსპერტი წერდა მისი ეფექტურობის შესახებ, სხვები აღნიშნავდნენ, რომ, შესაძლოა, ამ გზით გენერალურ შტაბს სურს დააკისროს სუროვიკინს პასუხისმგებლობა რუსული არმიის ყველა შემდგომი უკანდახევისთვის. მათ დიდხანს არ მოუწიათ ლოდინი: მალე გენერალმა გამოაცხადა “რთული გადაწყვეტილება” და ხერსონის დატოვება.
მოჰყვება თუ არა რაიმე საკადრო ცვლილებები ახალ სკანდალს, ჯერ უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსისთვის ასე საჯაროდ ასეთი შეურაცხყოფა ჯერ არავის მიუყენებია.
წყარო: BBC