ერთი უბედურება შვილის დაკარგვაა, მეორე კი საკუთარი ქვეყნის იმედი რომ არ გაქვს – ჩუგოშვილი

“ერთი უბედურება შვილის დაკარგვაა, მეორე კი საკუთარი ქვეყნის იმედი რომ არ გაქვს და გასაჭირში ჩავარდნისას იძულებული ხარ სხვაგან ეძებო შველა”,- ასე ეხმიანება თამარ ჩუგოშვილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის აქციას აშშ-ის საელჩოსთან.

მისი თქმით, ადამიანებმა სისტემის ნდობა დაკარგეს.

“მერამდენე საქმეა სადაც დაგვიანებული რეაგირების, არაკომპეტენტურობის, შეცდომების და დარღვევების გამო ადამიანებმა სისტემის ყველანაირი ნდობა დაკარგეს.

გამომძიებლობა და პროკურორობა იარაღის ტარების უფლება და დანარჩენებზე ზემოდან ყურება არაა. ვინმე გრძნობს საერთოდ პასუხისმგებლობას?”,– წერს ჩუგოშვილი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები აშშ–ს საელჩოსთან შეიკრიბნენ. ისინი ელჩთან შეხვედრასა და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვდნენ. მათ საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა. ბაჩალიაშვილის დედის თქმით, მას საელჩოში უთხრეს, რომ FBI-ის გამოძიებაში დახმარების თხოვნით ქართულმა მხარემ უნდა მიმართოს. თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ თუ საქართველო ამას არ იზამს, ის შიმშილობას დაიწყებს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.