ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ლელო მხარს არ უჭერს – დავით უსუფაშვილი

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ლელო ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარს არ უჭერს. ამით ის თავისი თანაპარტიელის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ თქვა, რომ  “უფლებები ირღვევა”, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ “უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავს რაღაც”.

უსუფაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ “ლელო” უმცირესობების მიმართ ძალადობას გმობს.

“რაც შეეხება უმცირესობებს:

დაცვა. განსხვავებული ორიენტაციის გამო ვინმეს დევნას, შევიწროვებას ან დისკრიმინაციას ვგმობთ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. სახელმწიფომ უნდა გაატაროს თანმიმდევრული და ეფექტიანი პოლიტიკა არა მხოლოდ შესაბამის დამნაშავეთა დასასჯელად და მსხვერპლთა დასაცავად, არამედ მსგავსი მოპყრობის დაუშვებლობისადმი საზოგადოებრივი კლიმატის შესაქმნელად.

ქორწინება. ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას „ლელო“ მხარს არ უჭერს, ისევე, როგორც ამას მხარს არ უჭერდა მთელი დემოკრატიული სამყარო სულ რაღაც ორი ათეული წლის წინ. შესაძლოა, ამის გამო ვიღაცის თვალში ძველმოდურად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ ავიტანთ და უნდა აგვიტანონ ყოველგვარი „ფობიობანას“ გარეშე”,- წერს დავით უსუფაშვილი საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე.

2017 წელს კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ოჯახი არის ქალის და კაცის ერთობა. ძველ რედაქციაში ეწერა, რომ ოჯახი მეუღლეების თანასწორი ერთობა იყო.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში ლგბტქ ადამიანებზე ძალადობის მასშტაბები შემაშფოთებელია. მისი თქმით, ძალადობრივი ჯგუფები მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალურ საფრთხეს უქმნიან, სახელმწიფო კი არ რეაგირებს.