ერთპარტიული პარლამენტის მიღება ყველას წარუმატებლობას ნიშნავს – სამადაშვილი

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ერთპარტიული პარლამენტი ყველას წარუმატებლობას ნიშნავს,

“დღეს მოლაპარაკებები განახლდა და მეჩვენება, რომ ჩვენს საჯარო სივრცეში დისკუსია ერთ საკითხზე დავიდა: შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში? ისე, რომ ამ გადაწყეტილების კონტექსტი გვავიწყდება – ნიშნავს თუ არა პარლამენტზე უარი, არჩევნების გზით პოლიტიკური ბრძოლის წარმართვაზე უარს?

ეს რომ გავაანალიზოთ, ამისთვის შესაძლო სცენარები უნდა განვიხილოთ. რას ველოდებით? თავისთავად პარლამენტზე უარი, არც მიზანია და არც რაიმე მყისიერი ეფექტის მქონე საშუალება. ამას ვამბობ, რადგან არ ვაპირებ ვინმეს ვუთხრა, რომ პარლამენტის ბოიკოტი რაიმე სახის გამარჯვება იქნება ვინმესთვის. არა, პირიქით, ერთპარტიული პარლამენტის მიღება ყველას წარუმატებლობას ნიშნავს და ვინც სხვანაირად გეტყვით, გატყუებთ”,– წერს ის.

სამადაშვილის აზრი, ოცნებას ერთპარტიული პარლამენტი ისე ვერ დააზიანებს, რომ ხელისუფლება 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ვერ შეინარჩუნოს.

“მაშინ, რა? ბოიკოტი არჩევნებს? თუ არა? თუ ოპოზიციას მოუწევს ადგილობრივ არჩევნებზე ბრძოლა, ამ არჩევნების მოგება და ამის საფუძველზე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა? ვვარაუდობ, რომ ეს სცენარი უფრო რეალისტურია. ამ შემთხვევაში, მომავალი არჩევნებისთვის სხვანაირი საარჩევნო გარემოს მიღებაა ოპოზიციის ამოცანა და შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მიიღებს, ამ ამოცანის ჭრილში უნდა განიხილოს”,– წერს სამადაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ არჩევნების პერსპექტივაზე უარის თქმა არ შეიძლება და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფა ერთადერთი რაციონალური მიზანია.

“არსებობს მოსაზრებაც, რომ არჩევნებს ქვეყანაში აზრი აღარ აქვს და ბრძოლის სხვა მეთოდები უნდა ვეძებოთ. ამ პოლიტიკური მიმდინარეობის ადამიანებისთვის, არანაირ შეთანხმებას ხელისუფლებასთან მნიშვნელობა არა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მათ სკეპცისიზმს ვიზიარებ ქართული ოცნების მიერ დანაპირების შესრულებაზე, ასევე უპერსპქტივოდ მიმაჩნია შეთანხმებაზე და, შესაბამისად, არჩევნების პერსპექტივაზე უარის თქმა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა, ერთადერთ რაციონალურ მიზნად მიმაჩნია.

შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ გადაწყეტილების ავკარგიანობას, ამ ჭრილიდან განვიხილავ. მათ შორის იმას, თუ რაზე შეიძლება შევთანხმდეთ ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში”,– აცხადებს სამადაშვილი.

ენმ–ს წევრი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები “რაიმე აზრიანით დასრულდება, რადგან ალტერნატივა საკმაოდ ბნელ და უპერსპექტივო მომავალს უქადის ჩვენს ქვეყანას”.