საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოს დაფინანსების დიდი ნაწილი სახელფასო ფონდებსა და სასწავლო დაწესებულებებში ირიცხება.
„ეს თანხა არ ირიცხება საპატრიარქოს ანგარიშზე, ამ თანხის დანიშნულება მიეწოდება ფინანსთა სამინისტროს და რიცხავს სახელფასო ფონდებში და სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში”,- განაცხადა დეკანოზმა ჯაღმაიძემ ტვ პირველის ეთერში.
დეკანოზი აცხადებს, რომ ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის გამოყოფილი 25 მილიონი ლარი თითო ადამიანზე 12 ცენტს შეადგენს.
„ეს 25 მილიონი როდესაც ერთ ადამიანს ესმის, გასაგებია, რომ ძალიან დიდი თანხა არის, მაგრამ რაც იანგარიშა მეუფე ანტონმა, თითო ადამიანზე თვეში იცით რამდენი მოდის? 12 ცენტი”, – თქვა დეკანოზმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 25 მილიონი ლარიდან არც ერთი თეთრი მანქანებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და პირადი მოხმარების საგნებზე არ იხარჯება.
„თუ იქნება უფრო მეტი ჩვენ გვექნება უფრო წარმატებული სკოლები. არც ერთი მანქანა ამ ფულით არ არის ნაყიდი, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ არის ამ ფულით განხორციელებული, არც ერთი კაპიკი არ არის დახარჯული ვინმეს პირად ქონებაზე, გარდა სახელფასო ფონდისა” , – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
დღეს 25 მილიონი ლარი საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა ანტონიმაც გაყო.
,,25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეობაზე, თვეში ერთ სულ მოსახლეზე 0.59 თეთრია. არ გრცხვენიათ, რას გვაყვედრიან?”,- განაცხადა მეუფემ.