საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე ყირიმში ნოვოფედოროვკას აეროდრომის აფეთქებას რუსეთისთვის დიდ დარტყმად თვლის:
“ყირიმის ნოვოფედოროვკასთან მდებარე საკის აეროპორტი უკრაინის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი შავი ლაქა იყო. 2014 წელს, რუსეთის ანექსიის შემდეგ, მათ აეროპორტის ევაკუაცია ისე განახორციელეს, რომ ტყვია არ გავარდნილა. შვეულმფრენები და მოიერიშეები აფრინდნენ, რუსები კი საფრენ ბილიკთან იდგნენ და უკრაინელებს ცინიკურად აცილებდნენ. ამის შემდეგ რუსებმა აეროპორტის ძალიან სწრაფი მილიტარიზაცია დაიწყეს და ზედ სუ-24 მოიერიშეები და სუ-30 გამანადგურებლები განათავსეს. როგორც ჩანს ომის წინ სარაკეტო სისტემებიც დამონტაჟდა მიკოლაივისა და ოდესის დასაბომბად.
დღეს დილით თანამგზავრულმა ფოტოებმა დააფიქსირა, რომ რუსული სამხედრო ავიაცია თავის სატვირთო ნაწილებთან ერთად აეროპორტში იმყოფებოდა (ფოტოს უკრაინის რადიო თავისუფლება ავრცელებს). შემდგომ კი საბრძოლო მოქმედების ყველაზე ახლო არეალიდან 250 კილომეტრში მდებარე აეროპორტზე აფეთქებების სერია დაიწყო. მინიმუმ 15 სხვადასხვა აფეთქება მოხდა, რასაც შემდგომი დეტონაციაც მოჰყვა. რეალურად, საკის აეროპორტი სრულად გამოეთიშა საბრძოლო მოქმედებებს.
რუსების მუქარა, რომ თუკი ყირიმს დაბომბავდა უკრაინა მწარედ უპასუხებდნენ ცხადია რომ თავიდანვე ფუჭი იყო და სინამდვილეში არც არანაირი დამატებითი პასუხის საშუალება აღარ აქვს რუსეთს – ამიტომ, როგორც “კეთილი ნებით” დაიხიეს უკან უკრაინული ქალაქებიდან ასეთივე “შემთხვევას” აბრალებენ ნოვოფედოროვკას აეროპორტის განადგურებაც. სხვათა შორის “მოსკოვის” ჩაძირვისასაც ზუსტად ამავეს საუბრობდნენ კრემლში. თუმცა ახლა მთავარი ის კი არ არის რას ისაუბრებს რუსული პროპაგანდა, არამედ ის, რომ ერთ-ერთი ყველაზე შემტევი პოტენციალის მქონე სამხედრო აეროპორტი აღარ არსებობს, ხოლო მისი საწყობები, რომლებიც ერთმანეთისაგან საკმაო მანძილითაა დაშორებული და შემთხვევას ყველა მათგანის აფეთქება არ შეეძლო (არადა როგორც ჩანს აღარცერთი მათგანი აღარ არსებობს).
ზუსტად რისი მეშვეობით მოხდა აეროპორტის განადგურება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თავისი სიზუსტიდან და სიშორიდან გამომდინარე თუკი მართლაც გარედან მოხდა მისი განადგურება მაშინ არაა გამორიცხული ATACMS ტიპის რაკეტები უკვე ადგილზეც კი იყოს. თუმცა შეიძლება ATACMS-ის ნაცვლად ისეთი რაკეტებიც იყოს გამოყენებული, როგორიცაა Грім, რაც უკრაინულ შეიარაღებაში 2019 წლიდან ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც არსებობს. თუმცა დაშვების დონეზე იმის შანსიც არსებობს რომ ბომბდამშენიდან გასროლილი ფრთოსანი რაკეტებს ჩაეღწიათ ყირიმამდე (თუკი მათ შეიარაღებაში ისე მიიღეს ისინი – თუნდაც დაშლილ მდგომარეობაში – რომ საჯაროდ არსად თქმულა).
ამჟამად კრიტიკული სიტუაციაა ყირიმში. რუსები მასობრივად გარბიან ნახევარკუნძულიდან. რუსეთისაკენ მიმავალ გზაზე საცობებია. პანიკაა სევასტოპოლშიც, რადგან შემდგომი სამიზნე ლოგიკურად სწორედ სამხედრო-საზღვაო შტაბები იქნება ამ მიმართულებით.“– ამბობს კობერიძე.
ნახეთ აეროდრომის აეთქების ვიდეოკადრები სხვადასხვა რაკურსით: