ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე საშიში მუქარაა, ითხოვენ, რომ გაჩუმდეს – PHR პანსიონზე

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თავმჯდომარე, ანა აბაშიძე წერს, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე ერთ-ერთ მთავარ მოწმეს ემუქრებიან და სთხოვენ, რომ გაჩუმდეს.

“ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე არის ძალიან საშიში მუქარა და ზეწოლა. ითხოვენ გაჩუმდეს, თორემ რაც მოუვა ნახავს. ამ ადამინმა გამოძიებას უკვე მისცა პანსიონატში არსებულ ვითარებაზე ჩვენება. ორი დღეა ვითხოვთ ამ ადამიანის და მისი ოჯახის დაცვას პროკურატურისგან. არაფერს აკეთებენ. აი, არაფერს. ხოდა ახლა საჯაროდ გეუბნებით. იცით ვისზეც ვლაპარაკობ და რა მუქარაზეც გეუბნებით. აი იმ ადამიანს ან მის ოჯახის წევრებს ვინმეს მხრიდან რამე რომ დაემართოს, ან ამ ადამიანმა უეცრად უკან დაიხიოს, ეს იქნება პირდაპირ სახელმწიფოს განზრახი უმოქმედობის, ან იქნებ მოქმედებისაც კი, დამსახურება! დროზე გადაიყვანეთ ოჯახი უსაფრთხო ადგილას!”,- წერს აბაშიძე.

რამდენიმე დღეა ანა აბაშიძე საუბრობს, რომ მოწმეებზე ზეწოლა ხორციელდება, ამიტომ აუცილებელია მათ მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება.