ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი ამბობს, რომ გიორგი გახარიამ გადადგომით მის მიმართ ნდობა “ერთ წამში გაფლანგა”.
“ამ პერიოდში წასვლა, ამ ფორმით წასვლა, რა თქმა უნდა, იყო დამაზიანებელი და ისევ გავიმეორებ, შეუწყნარებელიც, ჩემი აზრით. ამას სახელს ვერ ვარქმევ. არ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება გუნდის წევრისგან და ლიდერისგან. პასუხი მივიღე, მაგრამ გაუგებარი. არ უნდა მოიქცეს ადამიანი ასე, რად უნდა ახლა ამას… გაუგებარი იმას კი არ ნიშნავს, რომ ვერ ვხვდები, ადამიანურად ვერ ვხვდები თორე გონებაში ყველაფერი შეიძლება… არ არის სწორი ასეთი საქციელი და მორჩა, დამთავრდა.
რაც შეეხება პრემიერს — არჩევნები ახალი ჩავლილია, მე ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორში და ყველგან, სადაც მივდიოდი, მხვდებოდა ის, რომ გიორგი გახარიას მიმართ ნდობა არსებობდა. ყველგან მხვდებოდა სხვათაშორის და ძალიან დადებითად მოქმედებდა პირადად ჩემს, როგორც მაჟორიტარის საარჩევნო კამპანიაზე. უბრალოდ, მას შეეძლო, ეს ნდობა გამოეყენებინა ქვეყნისთვის სასარგებლოდ. მგონია, რომ ერთ წამში, ერთ დღეში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა. არ ვიცი, რამდენად ღირდა, ამის სანაცვლოდ მოეპოვებინა მას ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება”, — განაცხადა მან იმედის ეთერში.
გიორგი გახარია 18 თებერვალს გადადგა. ქართულმა ოცნებამ მის შეცვლელად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.