ეროვნული მუზეუმიდან წულუკიანის მიერ გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო

თბილისის საქალაქო სასამართლომ კულტურის სამინისტროს მიერ ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის, დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია. ინფორმაციას მოსარჩელის უფლებადამცველი ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ავრცელებს. გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობასთან ერთად, სასამართლომ მოპასუხე მხარეს კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

“სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი პოზიცია, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა დინარა ვაჩნაძის კომპეტენციას. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია რომ პროცესზე მოპასუხე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც რეორგანიზაციისას, თანამშრომელთა ობიექტურ და სამართლიან შერჩევა-შეფასებას დაადასტურებდა”. – წერს SJC.

დინარა ვაჩნაძე ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, მასობრივი გათავისუფლებების მსხვერპლი გახდნენ.