ამ წუთში ეროვნულ გამოცდებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მივდივართ დაგეგმილი ფორმატის მიხედვით, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.
ის ამბობს, რომ ეროვნული გამოცდების ფორმატიც უცვლელი რჩება.
მინისტრის მოადგილემ არ დააკონკრეტა, ყველაზე ცუდი სცენარით მოვლენების განვითარების შემთხვევაში, შეექმნება თუ არა ეროვნულ გამოცდებს საფრთხე და რა შემთხვევაში ვერ შედგება ერთიანი ეროვნული გამოცდები.
„ამ წუთში ეროვნულ გამოცდებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მივდივართ დაგეგმილი ფორმატის მიხედვით, რაც არსებობს. თუმცა, ვიმოქმედებთ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც იქნება საჭირო. სამინისტრო და სისტემა ერგება პროცესებს. ეროვნული გამოცდები დაგეგმილია და პროცესების განვითარების შესაბამისად ყველა გადაწყვეტილებას ვაცნობებთ საზოგადოებას. იმის გამო, რომ ქვეყანაში მიმდინარე სიტუაცია არ არის აბიტურიენტების ბრალეულობა, ისინი არ უნდა დაზარალდნენ და არ უნდა ჰქონდეთ რაიმე შეფერხება ეროვნულ გამოცდებზე. დღეს რაც არ არის გადაწყვეტილი, ამაზე ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ“, – აღნიშნა ეკა დგებუაძემ და დასძინა, რომ რეგისტრაციის ვადის გადაწევის მიუხედავად, თვითონ გამოცდების ვადები არ გადაიწევს და ის ივლისში ჩატარდება.