ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა, პოლიციელის აგრესია ამან გამოიწვია – ნაცემი შშმ პირის მეგობარი

ისნის მეტროსადგურში პოლიციელების მიერ გუშინ ნაცემი შშმ პირის მეგობარი ამბობს, რომ პოლიციელის გაღიზიანება მოზარდის ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდომამ გამოიწვია.

“ჩემი მეგობარი ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა და ამან გამოიწვია პოლიციელის აგრესია, რის შედეგადაც ხელით, წიხლით ფიზიკურად გაუსწორდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჩვენ რომ ვუთხარით, რომ ყრუ-მუნჯია და არ შეუძლია ლაპარაკი, მან გვითხრა, რომ აალაპარაკებდა და რა მეთოდით სცადა ალაპარაკება, თქვენც ნახეთ.

სისტემა არის დასანგრევი, ჩემი აზრით. რასაც ვუყურებ, რაც ეს მთავრობაა ხელისუფლებაში მოსული, იმის მერე არეულია ყველაფერი, ახალგაზრდებს უკვე ეშინიათ გარეთ გამოსვლის”. – ამბობს ის “მთავარ არხთან” ინტერვიუში.

ცნობისთვის, გუშინ პოლიციელმა ისნის მეტროსადგურში არასრულწლოვან შშმ პირზე ფიზიკურად იძალადა. დღეს ამ საქმეზე 2 პოლიციელი დააკავეს – ერთი დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით, მეორე კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.