ესპანეთის პარლამენტმა პასპორტში სქესის შეცვლის პროცედურა გაამარტივა

ესპანეთის დეპუტატთა კონგრესმა საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს სამედიცინო შემოწმების გარეშე შეიცვალონ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებული სქესი.

ხანგრძლივი დებატების შემდეგ კანონი 191 ხმის უმრავლესობით დამტკიცდა, წინააღმდეგი იყო ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატის 60 წევრი.

აქამდე ესპანეთში „გენდერის“გრაფაში  სქესის შეცვლის მსურელებს უნდა ჰქონოდათ დიაგნოზი  „გენდერული დისფორია“, გაევლოთ ორწლიანი ჰორმონოთერაპია, შემდეგ კი გამოკვლევა. ეს მოთხოვნა ახლა ამოღებულია.

ახალი წესით, ადამიანებმა რომლებიც სქესის შეცვლას გადაწყვეტენ , უბრალოდ უნდა განაცხადონ იდენტობის შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოებში, და ის  სამი თვის შემდეგ დაადასტურონ. ამასთან, 12-13 წლის ასაკში ასევე საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო 14-15 წლის ასაკში – მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა.

თანასწორობის მინისტრმა ირინე მონტერომ, კენჭისყრის წინ პარლამენტში გამოსვლისას, თქვა: „ტრანს ადამიანები არ არიან ავად, ისინი უბრალოდ ადამიანები არიან“.

თუმცა კანონს თავისი მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ხუთშაბათს მათ საპროტესტო აქცია გამართეს მადრიდში, კორტესის სასახლესთან, სადაც დეპუტატთა კონგრესი იკრიბება.

„ჩვენ აქ ვართ ქალების უფლებების დასაცავად, რადგან ჩვენ მთლიანად გვშლიან დედამიწის ზურგიდან  ამ მიზოგენური კანონებით“, – ამბობს მომიტინგე პატრიცია ბილბაო.

დანია იყო პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც 2014 წელს დოკუმენტების მიხედვით სქესის შეცვლის სამართლებრივი მოთხოვნები გაამარტივა. დღეს ევროპის ცხრა ქვეყანაში მოქმედებს კანონები, რომლებიც დეკლარაციული წესით სქესის შეცვლის უფლებას იძლევა.

ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს შოტლანდიაში, სადაც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა გენდერული რეფორმის კანონპროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს დოკუმენტებში 16 წლიდან გამარტივებულად შეიცვალოს გენდერული მარკერი. თუმცა, ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა დაებლოკა კანონპროექტი და განაცხადა, რომ ის გავლენას ახდენს მოქალაქეთა თანასწორობის კანონებზე.

ასევე ხუთშაბათს, ესპანეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც მიიღო კანონი ანაზღაურებადი დასვენების დღეების შესახებ მენსტრუალური სპაზმების მქონე ქალებისთვის. გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს აბორტი 16 წლიდან  მშობლების თანხმობის გარეშე გაიკეთონ.