ესტონეთი საქართველოსთან საზღვრებს ხსნის

6 ივლისიდან ესტონეთი საქართველოსთან საზღვრებს ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საელჩო ესტონეთში ავრცელებს. მათივე განმარტებით, საქართველოდან ესტონეთში გამომგზავრებისას პირი შენგენის ზონაში ლეგალურად შემოსვლის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

“ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკომისიის მიერ საზღვრების ეტაპობრივი გახსნის რეკომენდაციის საფუძველზე, 6 ივლისიდან ქვეყანაში შემოსვლის უფლება ექნებათ ევროკავშირის არა-წევრი 14 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან მომავალ მგზავრებს”, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ესტონეთის საზღვრის გადმოკვეთისათვის აუცილებელი წინაპირობაა:

  • საზღვრის გადაკვეთისას პირს არ უნდა აღენიშნებოდეს კორონავირუსის (COVID-19) სიმპტომები;
  • პირი იმ ქვეყანაში, საიდანაც მოემგზავრება ესტონეთში, იმყოფებოდა ბოლო 14 დღის განმავლობაში (COVID-19-ის ინკუბაციისათვის საჭირო პერიოდი).
  • იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში, საიდანაც პირი შემოდის ესტონეთში, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე 16 დაინფიცირებულზე მეტია, მგზავრი დაექვემდებარება ორკვირიან სავალდებულო თვითიზოლაციას.