ეს აგრესიული ოპოზიციის პროვოკაციაა, რომ ჩვენი ურთიერთობები არ აღდგეს–გავრილოვი პოზნერის ინციდენტზე

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომას  2019 წლის 20 ივნისს მაშტაბური პროტესტი, დარბევა და ქვეყნიდან მისი გაგდება მოჰყვა, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტს ეხმაურება და ამბობს, რომ გამართული აქცია “ქართული ოპოზიციის გათვითცნობიერებული პროვოკაციაა”.

გავრილოვის თქმით,  მსგავსი ქმედებები ემსახურება იმას, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არ აღდგეს.

“შემთხვევა პოზნერთან – სერიოზული პოლიტიკური დემარშია. მისი ფიგურა შემთხვევით არ შეურჩევიათ, რადგან ის რუსეთში ფართოდ არის ცნობილი, პოპულარულია ინტელიგენციაში. ეს გათვითცნობიერებული პროვოკაციაა, რომელიც ურტყავს საქართველოს იმიჯს, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყანას, რომელშიც სტუმრის უსაფრთხოება მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ეს რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა აჩვენონ ყველა ტურისტს, რომ საქართველოში ჩასვლა არ შეიძლება. ეს გააზრებული “გასროლაა ორივე ფეხში”, რათა შესუსტდეს ეკონომიკა”, – ამბობს გავრილოვი.

მისივე თქმით, პოზნერის ვიზიტი იმის დასტურია, რომ საქართველოს მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებას და “რაციონალურად მოაზროვნე” ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის სურვილი აქვს.

“თუმცა აგრესიული, რადიკალური უმცირესობა, რომელიც არის დასავლური წრეების ინსტრუმენტი, ხელისუფლებას აშანტაჟებს, აწყობს პროვოკაციებს იმისათვის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები არ აღდგეს”, – თქვა სერგეი გავრილოვმა.

 ვლადიმირ პოზნერი და მისი 40 მეგობარი  თბილისში  31 მარტს ჩამოვიდნენ და 1 აპრილს პოზნერის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდნენ. თბილისიდან წასვლა 3 აპრილს ქონდათ დაგეგმილი, თუმცა აქტივისტების პროტესტის გამო თბილისი დღეს გამთენიისას ჩარტერული რეისით დატოვეს. პოზნერს და მის დელეგაციას საპროტესტო აქციით დახვდნენ როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. პოზნერი და მისი თანმხლები პირები პოლიციის კორდონის დახმარებით გადაადგილდებოდნენ.

აქტივისტები აპროტესტებდნენ არ მხოლოდ პოზნერის საქართველოში შემოშვებას, არამედ ჩამოსული პირების მიერ კომენდანტის საათისა და  პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვის დარღვევას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოზნერი და მისი თანმხლები პირები კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს. პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

მას ეკუთვნის გამონათქვამი: “აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”.