ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა – ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის გზა კი ამერიკული გზაა.
“ეს ამერიკის დღეა. ეს დემოკრატიის დღეა. ისტორიის და იმედის დღე, განახლების და სიმტკიცის. წლების მანძილზე ამარიკა არაერთხელ დამდგარა გამოცდის წინაშე და ყოველთვის გამკლავებია გამოწვევებს. დღეს ვზეიმობთ არა კანდიდატის ტრიუმფს, არამედ მიზნის, დემოკრატიის. ხალხის ნება გათვალისწინებულია. ხალხის ნება აღსრულდა. კიდევ ერთხელ ვისწავლეთ, რომ დემოკრატია ძვირფასია, სათუთია და დღეს, ჩემო მეგობრებო, დემოკრატიამ გაიმარჯვა.
ამერიკის მიწაზე ჩვენ მოვესწარით თავდასხმას კაპიტოლიუმზე, თუმცა გავერთიანდით და გავუმკლავდით გამოწვევას. მშვიდობიანად გადმომეცა ძალაუფლება, ეს არის ამერიკული გზა, ჩვენ ძლიერები ვართ, მიზანია, ვაჩვენოთ ყველას, რომ შეგვიძლია წინსვლა. მადლობას ვუხდი ჩემს წინამორბედებს ორივე პარტიიდან, პრეზიდენტებს, რომლებიც აქ არიან. ვიცი, რომ ჩვენი კონსტიტუცია და ქვეყანა ძალიან ძლიერია. მე ახლა დავდე წმინდა ფიცი, მზად ვარ, ამერიკას ვემსახურო”, – თქვა ბაიდენმა.
მისივე განცხადებით, ყველას პრეზიდენტი იქნება, მათ შორის მათი, ვინც მხარი არ დაუჭირა.
“ვინც მხარი არ დაგვიჭირა – მომისმინეთ, შემაფასეთ მე და ჩემი გული. თუ კვლავ არ მეთანხმებით, დაე, ასეც იყოს. ეს არის დემოკრატია. ეს არის ამერიკა. უფლება, გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები მშვიდობიანად, ჩვენი ნაციის ალბათ უდიდესი ძალაა. მომისმინეთ. განსხვავებულმა შეხედულებებმა არ უნდა მიგვიყვანოს გათიშულობამდე. და მე თქვენ ამის პირობას გაძლევთ. მე ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი. გპირდებით, ისევე ვიბრძოლებ მათთვის, ვინც მხარი არ დამიჭირა, როგორც მათთვის, ვინც დამიჭირა”,– თქვა მან.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ისტორიული კრიზისებისა და გამოწვევების წინაშე დგას, ამიტომ ერთიანობა არის წინ მიმავალი გზა.
„ერთიანობის გარეშე არ არსებობს მშვიდობა. არსებობს მხოლოდ რისხვა და მძვინვარება. არ არსებობს პროგრესი, არის მხოლოდ დამღლელი გულისწყრომა. ეს არის ჩვენი ისტორიული მომენტი კრიზისებისა და გამოწვევებისა და ერთიანობა არის წინ მიმავალი გზა. მოუსმინეთ ერთმანეთს. დაინახეთ ერთმანეთი. პატივი ეცით ერთმანეთს“, – განაცხადა ბაიდენმა.