ეს არის ის შემთხვევა, როცა კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის არსად არ არის წასული და თუ ყველა წესს არ დავემორჩილებით, იძულებული გავხდებით ასეთი შემზღუდავი ღონსიძიებები განვახორციელოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ დაგვავიწყდება ის, რომ კორონა არის ჩვენ გვერდით. შედეგი სახეზეა – საკმაოდ მნიშვნელოვანი შემთხვევები გვაქვს – სოფელი ლენჯერი, ლენჯერთან დაკავშირებული შემთხვევები თბილისში. ეს არის ის შემთხვევა, როცა კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის არსად არ არის წასული და თუ ყველა წესს არ დავემორჩილებით, შემდეგ იძულებული გავხდებით, ასეთი შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ. წესები გამკაცრდება, ერთადერთი შემიძლია მოვუწოდო ყველას, ვინც მესტიის რაიონში დარჩენილია, მაქსიმალურად დაიცვან ნიღბის ტარება ყველგან, დახურულ სივრცეებში, ასევე დაიცვან დისტანცია მათ შორის, ღია სივრცეებშიც.
იქ, სადაც არის შემთხვევების დიდი კონცენტრირება, შესაბამისი ღონისძიებები გატარდა. თუ თითოეული ჩვენგანი, ყველგან სადაც ვართ, არ დავიცავთ წესებს, სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იქნება სხვაგანაც. მესტია პრაქტიკულად გადადის გამკაცრებულ რეჟიმზე, მესტიაში შესვლა-გასვლა გამკაცრდება, წითელ ზონაზე ლაპარაკი ზედმეტია, იქ 5 რაზმი მუშაობს, მე-6 გზაშია და ხვალიდან ერთი ამდენი დაემატება, მასობრივი კვლევები იქნება ჩასატარებელი, მერე შეგვიძლია ვთქვათ როგორია სიტუაცია მთლიანად მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა იმნაძემ.
მისივე განმარტებით, თუ ვინ არის ვირუსის პირველი წყარო, აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს.
„ნუ ავურევთ ერთმანეთში გაჩიანს და მესტიას, იქ გრძელდება კიდევ მუშაობა, რადგან პრობლემები მთლიანად არ არის აღმოფხვრილი და თავისთავად გრძელდება კვლევები, იქიდან ვერავინ ჩავიდოდა, მკაცრი საკარანტონო რეჟიმი იყო, ამიტომ ეს ორი თემა გავმიჯნოთ, იქ ცალკე ვმუშაობთ, აქ – ცალკე… ინფიცირების წყაროზე მოკვლევა მიმდინარეობს, თბილისშია აღმოჩენილი იმ შემთხვევასთან კავშირში მყოფი 5 შემთხვევა“, – განაცხადა იმნაძემ.