ეს არის პირველი ნაბიჯი, თუნდაც ერთად დგომა, პოზიტივია – სალომე ზურაბიშვილი წინასაახალწლო მიღებაზე

“ეს არის პირველი ერთი ნაბიჯი, თუნდაც ერთად დგომა, პოზიტივია”- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, ორბელიანების სასახლეში, წინასაახალწლო მიღებაზე განაცხადა, რომელსაც ”ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ნაწილის წარმომადგენლები ესწრებიან.

”ეს შეკრება არ არის რაღაც არაჩვეულებრივი, ჩვეულებრივი მოვლენაა. ამავე დროს, არ დავმალავ რომ ამას აქვს თავისი მიზანი, რომელიც არის ცოტა ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა. ჩვენ ვართ განწყობის ხალხი და მნიშვნელოვანია, შეიცვალოს რაღაც ოდენობით მაინც ის განწყობა, რომელიც აწვება ქვეყანას დღეს.ამით ახალი ჯერ არ შემოვა, მაგრამ ეს არის პირველი ერთი ნაბიჯი, თუნდაც ერთად დგომა, პოზიტივია, მგონი, პოზიტივად იქმნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მხრიდან, რომელიც ძალიან მძიმედ განიცდის ამ გაუთავებელ პოლარიზაციას, გაუთავებელ დაძაბულობას, რომელმაც ჩაძირა რეალურად ჩვენი ქვეყანა, გააჩერა, პრაქტიკულად, არაა საკითხი რომლის გადაწყვეტაც შეგვიძლია ამ პოლარიზაციიდან გამომდინარე. ამ პროცესის დაწყება, მე მგონი, დროულია. ერთის მხრივ იმიტომ რომ 30 წელი გავიდა, ჩვენი სახელმწიფო 30 წლის ზრდასრული სახელმწიფოა, დროა ჩვენ გამოვიდეთ ამ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო დამწიფებულ პოლიტიკაზე. ახალ პოლიტიკაზე.

მართალია ძალიან ბევრი მოვლენა იყო, გავიარეთ რთული პროცესები, სადაც პრაქტიკულად თუ არა გამონაკლის პერიოდში სულ იყო ორი ბანაკი, თუ არა მეტი და სამოქალაქო დაპირისპირება. ეს არის ის, რაც გავიარეთ, რაც ვიცით, და რაც მე მგონი, არავის არ სურს რომ დავინახოთ გამეორებული ამ ქვეყანაში. დროა, საზოგადოებისთვის, იგი არამხოლოდ დაღლილია, გადაღლილია.” –  განაცხადა ზურაბიშვილმა.