“ეს არ არის თვითმკვლელობა, ეს არის მკვლელობა“ – თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის თქმით, თვითმკვლელობის ვერსია არაადეკვატურია, რადგან თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში რეალურად მკვლელობა მოხდა. როგორც რამიშვილმა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ოჯახი მზად არის საჭიროების შემთხვევაში ცხედრის ეგსჰუმაცია მოითხოვოს:

“ვისაუბრეთ არაკვალიფიციურ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომლის გამოსწორებსაც ახლა გამოძიება ცდილობს. ყველა დარღვევაზე, რაც არის, ხელმეორედ მოუწევს გამოძიებას, ყველაფერი თავიდან ჩაატაროს. თვითმკვლელობა ძალაში ვერანაირად ვერ დარჩება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მკვლელობა. სულ რომ ექსჰუმაცია დასჭირდეს თამუნას ცხედარს, მაინც ყველაფერს გავაკეთებთ. დაველოდებით ამ თვის ბოლოს, თუ რა შედეგს მოგვცემს გამოძიება“ – ამბობს რამიშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სახლიდან გავიდა და ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მეხუთე დღეს ის  თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.