არ არის საარჩევნო მოსყიდვა, ანტიკრიზისული ღონისძიებაა – ცქიტიშვილი სესხების სუბსიდირებაზე

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშილის განცხადებით, სესხების სუბისიდრების პროგრამა, რომელიც მთავრობამ დღეს წარადგინა საარჩევნო მოსყიდვა არ არის, არამედ ანტიკრიზისული ღონისძიებაა.

“ჩვენ ყველა ის პაკეტი, რომელიც შევქმენით, მიმათულია სექტორის და მოქალაქის საჭიროებაზე. ეს არ არის არჩევნების მოსყიდვა, ეს არის ანტიკრიზისული ღონისძიებები და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ეკონომიკის წინაშე, რასაც არ უნდა ამბობდეს ოპოზიცია”,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მთავრობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 4%-ით დაასუბსიდირებს ყველა ის იპოთეკურ სესხს, რომელიც 2020 წლის ბოლომდე გაფორმდება.

გარდა ამისა, სახელმწიფო გასცემს იპოთეკურ სესხებზე გარანტიას, მისი ოდენობა 20% იქნება, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს.

სახელმწიფოს მიერ საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება, საერთო ჯამში კი სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მლნ ლარია.