“ეს ბოლო ფოტოა სადაც ორივე საკუთარი თვალი მაქვს”- მაკო გომური

20 ივნისის აქციის დაზარალებული მაკო გომური სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს. სტატუსთან ერთად ის საკუთარ ფოტოსაც ურთავს, რომელიც 2019 წლის 20 ივნისსაა გადაღებული. როგორც მაკო გომური წერს ეს მისი ბოლო ფოტოა სადაც ორივე საკუთარი თვალი აქვს. 

“20 ივნისი
20 ივნისი
20 ივნისი

მთელი ერთი წელია,ამის გარდა არაფერი ტრიალებს გონებაში.
ბევრ რამეს ვუშვებ,ბევრ რამეზე ვიწყებ ფიქრს,ბევრ რამეს ვაკეთებ,მაგრამ 20 ივნისზე ფიქრით იწყება დღე და მთავრდება.

ვინ იყო მაკო 20 ივნისამდე?

ბავშვობაში,მახსოვს,მამაჩემი ხეების ტოტებს დასდევდა,რაც გამოშვერილი იყო,ამტვრევდა-თვალი არ იტკინოვო.
უფრო ძალიან ადრე, სამსახურში მიდიოდა,მოტრიალდა,თვალებზე მაკოცა,წავიდა,გავეკიდე,თან ხელში ნაფოტი მეჭირა,წავიქეცი და ნაფოტზე თვალის ქვედა მხარე დავარტყი.შრამი ახლაც მაქვს იმ დიდ შრამებთან ერატად.მაშინ გადავრჩი.
გავიზარდე, გავხდი ჩვეულებრივი გოგო,თავისი ცხოვრებით,უნივერსიტეტითა და სამსახურით და ზოგჯერ ცოტა გართობებით,თუ დრო დარჩებოდა.
ცოტა არეული გოგო,მაგრამ წყნარი ცხოვრებით.

ვინ გახდა მაკო 20 ივნისის შემდეგ?

,,ეს ის გოგოა,აი რუსთაველზე რომ თვალი ამოსთხარეს”
გავლისას უკან გამოყოლებული ფრაზა.

იცით,რა ცუდი მოსასმენია?
არა არ იცით,მარტო იმათმა ვიცით,ვისაც რუსთა ველზე თვალი ამოგვთხარეს.

და რის გამო?
ან ვის გამო?
ან ვინ?
ან რატომ?
რას ვუშავებდი?
რას ვაშავებდი?

კითხვები,მხოლოდ კითხვები.
პასუხების გარეშე.
კითხვები,რომელიც გჭამს,ტვინს გიჭამს,ქაოსს ქმნის.
ქაოსს,რომელსაც 1 წელია ვერ დავაღწიე თავი.

გარეთ ასეთი ვარ-ლაღი,კარგი,მხიარული,ათასი და კიდევ ათიათასი სისულელე.

სინამდვილეში,ყოველთვის დიდი ქაოსია თავში,გონებაში.
რადგან უსამართლობაა ყოველ ფეხის ნაბიჯზე.
რადგან ზოგჯერ შენი არ ესმით და გინდა გააგებინო.
რადგან გინდა იყვირო,ისე იყვირო,როგორც ტყვიის მოხვედრისას დავიყვირე,როგორც 2 დღის უკან ფეიერვერკის გასროლისას დავიყვირე,შემეშინდა და ძალიან დავიყვირე.

ხო,20 ივნისის შემდეგ ბევრი შიში გაჩნდა.
ზოგჯერ პარლამენტთან მექანიკურად სწრაფად ჩავივლი ჰოლმე.

გასროლის ან შეჯახების ხმის დროს ვიმალები.

როდესაც ვინმე მაკვირდება,მასაც ვემალები ჰოლმე.

არ ვიცი,რამდენ ხანს გაგრძელდება ეს.

შენ ძლიერი ხარ
სადაც აქამდე მოხვედი,ცოტაც რა
დაიკიდე რას გეტყვიან

ხო,აქამდე მოვედი,ზუსტად ვიცი ბოლოშიც გავალ,ისიც ვიცი,ბოლო უჯრედიდან გამოვიღებ ძალას.

ხალხი?

მათიც მესმის,დაღლილია,დათრგუნულია,ვეღარ იგებენ ვინ მართალია,რომელია სწორი გზა და ა.შ.

იმ ქალისაც მესმის,პარლამენტის წინ ბლოგის ჩაწერის დროს ,,ნაციონალისტი” რომ მეძახა.
შეიძლება,ჩვენი ბრალიცაა.
საკმარისად ვერ ვაჩვენეთ,ვერ დავანახეთ ხალხს სიმართლე და სწორი გზა,არ ვიცი.

უბრალოდ გული მწყდება,როდესაც უსამართლოდ ჩემსკენ გამოსროლილ სიტყვებს ვიგებ.
რადგან ასე არაა.
და ამის ყვირილიც მინდა ზოგჯერ,რომ არავისტი არ ვარ.
მე ვარ 19 წლის ბავშვი,რომელსაც უსამართლოდ ესროლეს და ეძებს სამართალს.
რადაც არ უნდა დამიჯდეს ვიპოვი.

ისიც ვიცი,ხშირად მომაძახებენ რომ მე ვლაპარაკობ მაინც და იმათმა რა ქნან,ვინც ვეღარასდროს დაილაპარაკებს.

რომ მე ვითხოვ მაინც და იმათმა რა ქნან,ხმა რომ არ ამოაღებინეს.

რომ მე ვიბრძვი და მათ ბრძოლის უფლებაც წაართვეს.

რომ მე მიმკურნალეს მაინც და ისენი ცოცხალ-მკვდრები მიატოვეს.

და როდემდე?
ასე უნდა შევეგუოთ მომავალშიც ძალადობას?
მე არ ვაპირებ.

თუნდაც ბრძოლის ბოლოს სულ მარტო დავრჩე,ბოლო წამამდე ვიზამ იმდენს,რომ საკუთარი სამართალი ვიპოვო.

არ ვიცი,როგორი 1,5,10,20,50 წელი იქნება მომავალში.
სად ვიქნები ან რას გავაკეთებ.
ერთი ვიცი,ყოველთვის ვეცდები,ვიყო ბოლო ვისაც ამ ქვეყანაში თვალებს ამოსთხრიან.

ეს ფოტო იცით ალბათ,ბოლო ფოტოა სადაც ორივე საკუთარი თვალი მაქვს.
ის ხელი ჩემი დისაა.
რომ ჩამკიდა,აღარ გაუშვია ოცი ივნისის შემდეგ.

გახარია რამდენიც არ უნდა იძახო,რომ არ გახსოვს რა მოხდა და გავიწყდება,რამდენიც არ უნდა აპრავო რომ ჩვენი თვალებით შტურმი აარიდე მაგ წყეულ შენობას, სიმართლეს ვერ მოკლავ ჩემში,ვერც ხალხში. არასდროს იგივეს არ ვუსურვებ შენს შვილებს. მიახლივებულსაც კი. შენ კი იმას გისურვებ ორი თვალით დაინახო ის,რასაც მე ვხედავ ერთით. იქნებ შეძლო.

ხვალ მივალ ისევ იქ,ვინც არ უნდა მოვიდეს,რომელმა პოლიტიკოსმაც არ უნდა ილაპარაკოს,მივალ და ჩემს წილ პროტესტს გამოვხატავ და ჩემს სათქმელს იქაც გეტყვით.

მახსოვს და ერთი თვალითაც გხედავთ,უფრო კარგად,ვიდრე აქამდე.

ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze 200 ნაცის თავის დათვლა არ დაგავიწყდეს,თუ მეტის თვლა არ იცი,დაგეხმარები და ერთად ვითვალოთ?

ხვალამდე”- წერს მაკო გომური სოციალურ ქსელში.

2019 წლის 20 ივნისს მაკო პირველად წავიდა საპროტესტო აქციაზე და თვალში მოხვედრილმა რეზინის ტყვიამ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. 1 წლის განმავლობაში იყო დაკითხვები პროკურატურაში, ოპერაციები – საქართველოსა და გერმანიაში, ბრძოლა დაზარალებულის სტატუსისთვის, აქციები, სარჩელები და მცდელობები, მიჩვეოდა სხვანაირ ცხოვრებას. ამ შეცვლილ ცხოვრებაში მაკო თვალის პროთეზს ეჩვევა, ხშირად და სხვადასხვა კონტექსტში ესმის საკუთარი სახელი და ცდილობს არ დაკარგოს იმედი, რომ ერთ დღესაც იპოვის მას, ვინც მისი მისამართით ისროლა “გავრილოვის ღამეს”.