ეს გადაწყვეტილება რუსეთისთვის ლახვარია – დავით ჯანდიერი სტრასბურგზე

“ეს გადაწყვეტილება რუსეთისთვის ლახვარია”-  იურისტი დავით ჯანდიერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში მოგებული სარჩელი საქართველოს ზურგს უმყარებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “პოლიტმეტრი” განაცხადა.

“საქართველოს ძალიან უმყარებს ზურგს ეს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება არის ნამდვილად ლახვარი რუსეთისთვის მისი დამოკიდებულების გამო ეთნიკურად ქართველების მიმართ და ყველაფერი იმის გამო, რასაც ის თუნდაც 12 აგვისტოს შემდეგ აკეთებდა.დადასტურებულია, რომ მასობრივად ჰქონდა ადგილი ეთნიკურად ქართველბის მოკვლას. მასობრივად ჰქონდა ადგილი ქართველების წამებას. განსაკუთრებით ეს უკავშირდებოდა მოხუც ადამიანებს და ქალებს, რომლებიც 160 ადამიანი 7 საკანში ჰყავდათ გამოკეტილი. ორი საპირფარეშოს პირობებში. უმძიმეს მდგომარეობაში. ეს ადამიანები ისე ჰყავდათ რომ მათ პასუხსაც არ ეუბნებოდნენ რატომ. ეთნიკურად ქართველების სახლების და სოფლების მასიური გადაწვა – ეს უმძიმესი პრობლემაა, რომლის წინაშეც ამ გადაწყვეტილებამ რუსეთი დააყენა. ტყვეებთან დაკავშირებული მოპყრობა – ჩაქუჩებით რომ ხელებს უმტვრევდნენ საქართველოს მოქალაქეებს. რა თქმა უნდა რუსეთი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ახლა უკვე არის საქართველოს ხელისუფლების ამოცანა, რომ ეს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც არის ძალიან დიდი მნიშვნელობის, გამოიყენოს “- განაცხადა ჯანდიერმა.