გურიის ეპარქიის მღვდელმთავარმა, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა დღეს ქადაგებისას მრევლს მიმართა და უთხრა, რომ მათ არა კორონავირუსის, არამედ ღმერთის უნდა ეშინოდეთ.
მიტროპოლიტი საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემდეგ პირველად გამოჩნდა მრევლის წინაშე და 20 წუთის განმავლობაში იქადაგა. მისი აზრით ეს ვირუსი იმისთვის არის მოგონილი, რომ ფულის მოძრაობა გაქრეს და ცოტა ხანში მოვა ის დრო, როცა “ჩიპების შულზე დამაგრება მოხდება“:
“არ შეიძლება ვირუსი გადავიდეს ზიარებიდან, ეს ქრისტეს სისხლი და ქრისტეს ხორცია.ეს ვირუსი შემთხვევითი არ არის, ეს ვიღაცამ გაუშვა. იმიტომ იქნა გაშვებული, რომ ფულის ერთეული გაქრეს დედამიწაზე. “– ამბობს მიტროპოლიტი და მრევლს მოუწოდებს, სახელმწიფოს და ექიმების მოწოდებებს დაუჯერონ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკლესიებში აღარ იარონ, რადგან მისი აზრით ეკლესიაში ვირუსი არავის არ დაემართება.
ტაძარში დღეს მრევლს ხატიც დახვდა, რომელსაც ეწერა, რომ ის პანდემიის საწინააღმდეგოა.