ნეპოტიზმის, კორუფციის და ათასი უბედურების წყარო იქნება – ბოკერია თვითდასაქმებულთა დახმარებაზე

,,ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მთავრობის მიერ თვითდასაქმებულების შერჩევითად დახმარება კორუფციის და ნეპოტიზმის წყარო იქნება.

,,რაც გვითხრეს, რომ თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ თვითონ, ვის ეკუთვნის დახმარება და ვის არაო და მერე თქვეს, ვინც მუშაობს ფიზიკურ პირებზე იმათ არ ეკუთვნითო, ეს ნიშნავს ქაოსს და გაჭიანურებას და უარეს შემთხვევაში, ეს იქნება ნეპოტიზმის, კორუფციის და ათასი უბედურების წყარო“, -ამბობს ბოკერია.

200-ლარიანი დახმარება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, არასაკმარისი და მცირეა, საჭიროა საშუალო კლასის წონასწორობის შენარჩუნება.

„იქ, სადაც ადვილია აღნუსხვა, ვის რამდენი ჰქონდა შემოსავალი, 200- ლარიანი დახმარება არის აბსოლუტურად არალოგიკური, არასაკმარისი, მცირე. მთავარი ის არის, რომ ვისაც ჰქონდა ხელფასი 400 ლარი, მისთვის 200 ლარი შეიძლება სერიოზული რაღაც იყოს, მაგრამ ადამიანს, რომელსაც 1000-1500 ლარი ჰქონდა შემოსავალი, 200 ლარით ეს საშუალო კლასი წონასწორობას ვერ შეინარჩუნებს. თუ მოირღვა საშუალო კლასი, ვისი შემოსავალიც 1000-1500 ლარია, ეს იმოქმედებს მთელ ეკომომიკაზე და უფრო გაჭირვებულებზეც”,- თქვა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა არ დაეხმარება თვითდასაქმებულებს, რომელებიც ხელფასს ფიზიკური პირისგან იღებდნენ. მაგალითად, ძიძები, რეპეტიტორები, მუშები და სხვა.

იმ დაქირავებით დასაქმებულებს, ვინც პანდემიის დროს სამსახური დაკარგა, მთავრობა 200 ლარით, 6 თვის განმავლობაში დაეხმარება.