პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე გახარია–პომპეოს საუბარს ეხმიანება და ამბობს, რომ ეს იყო გამაფრთხილებელი ზარი, რომ „ქართულ ოცნებას“ დრო გაუვიდა.
მისი თქმით, ის რომ ამდენი აქცენტი კეთდება არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე და ოლიგარქის მმართველობის შეზღუდვაზე, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო დაიღალა ასეთი საქართველოს ყურებით.
ჭიჭინაძემ მაიკ პომპეოს ზარი 2012 წელს ჰილარი კლინტონის ჩამოსვლას შეადარა.
„2012 წელს ქალბატონი ჰილარი კლინტონი ჩამობრძანდა არჩევნების წინ. ახლა პანდემიიდან გამომდინარე, საზღვრები ჩაკეტილია, დისტანციურად ხდება ყველაფერი, ამიტომ ჩათვალეთ, ეს იყო ვიზიტი და გაფრთხილება, რომ მსოფლიო დაიღალა ასეთი საქართველოს ყურებით, რადგან საქართველოს პერსპექტივა აღარ აქვს და უპერსპეტივო ქვეყანა როგორც ჩვენ საკუთარ მოსახლეობას, ისევე ჩვენს პარტნიორებს – არ უნდათ. ასე რომ, როგორც ქართველ ხალხს, ისე მსოფლიოს წამყვან ლიდერებს, ამ ქვეყანაში ცვლილელები უნდათ“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეფონით ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეომ ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას.
მანვე აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. პომპეომ მოუწოდა პრემიერმინისტრს, გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის.
ოპოზიციის შეფასებით, პომპეომ გახარიას მოუწოდა, რომ არჩევნები არ გაყალბდეს. ენმ–ს განცხადებით, პომპეომ გამაფრთხილებელი საუბარი ჩაატარა გახარიასთან.