თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძე “თბილსერვისის” თანამშრომლების გაფიცვას საბოტაჟს უწოდებს.
მისი თქმით, ამას შესაბამისი რეაგირება აუცილებლად მოჰყვება.
“ჩვენ, მუნიციპალიტეტმა ძალიან კარგად ვიცით, სად რა მდგომარეობა გვაქვს ტექნიკის განახლების კუთხით. მე პირადად ვთვლი, რომ ამაზე შეხსენება არ გვჭირდება, ამაზე მუდმივად ვმუშაობთ, ისევე, როგორც თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობებისა და გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათ პრეტენზიაზე შედეგებისა და მოქმედებების კუთხით, სამსახურს წინასწარვე ჰქონდა გაცემული პასუხი, მაინც ადგილი ჰქონდა უკანონო გაფიცვას.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს იყო უკანონო გაფიცვა, იმიტომ, რომ გაფიცვის ფორმა დადგენილია კანონმდებლობით, რომლის დაცვა ამ შემთხვევაში, არ მომხდარა. უფრო მეტიც, ეს არ იყო გაფიცვა, ეს იყო თანამშრომლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა – გარკვეულწილად, ეს იყო საბოტაჟი, რაც ჩვენთვის მიუღებელია და ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი ზომები”, – თქვა ირაკლი ხამლაძემ.
თბილისში “თბილისერვის ჯგუფის” დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. მათი განცხადებით, გაიზარდა მათი სამუშაო დრო, თუმცა ხელფასი უცვლელი დარჩა. ისინი ხელფასის მომატებას ითხოვენ.