“ეს იყო ჩემი სურვილი და არა ფაქტი“ – ეზუგბაია აგრესიული ტესტირების შესახებ მის განცხადებაზე

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით მისი განცხადება განმარტა, რომელსაც მწვავე რეაქცია მოჰყვა.

„ეს იყო ჩემი სურვილი, რატომ იგებს ადამიანების ჯგუფი ისე, როგორც ფაქტს, მე არ ვიცი, მაგრამ გამოვხატე ჩემი სურვილი, რომ ქვეყანას თუ არ დასჭირდება განმეორებით და ხშირად აგრესიული ტესტირება ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან დაავადების გავრცელება იქნება ზომიერი და კონტროლირებადი. მე განმარტება გავაკეთე ამ მოცემულობაში და ვინ როგორ გაიგო არ ვიცი. კიდევ განვმარტავ, რომ პირველი შემთხვევა, რასაც ჰქვია იმპორტირებული, ჩინეთიდან ჩამოფრენილი პაციენტები ჩვენს ცენტრში პირველად მოვიდნენ პირველ თებერვალს. ამის შემდეგ დაიწყო ბრძოლა ამ პრობლემის წინააღმდეგ. მთავრობა და ჯანდაცვის შესაბამისი სამსახურები, დაავადებათა კონტროლის და თავდაპირველად მხოლოდ ჩვენი ცენტრი ეწეოდა ერთობლივ მუშაობას, როგორც ერთი ორგანიზმი და პირველი ეტაპი რასაც ერქვა შეკავების პერიოდი, შესაშური შედეგებით დამთავრდა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

შეგახსენებთ, 25 აპრილს მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ „იმედი აქვს, შემდგომში აგრესიულ კვლევები არ ჩატარდება და ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდება“.