“ეს ოპერაცია გაჭიანურდა” – ლუკაშენკო უკრაინა-რუსეთის ომზე

ბელარუსის პრეზიდენტი Associated Press-თან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის “სამხედრო ოპერაცია” გაჭიანურდა.

“საკმარისად არ ვარ გარკვეული ამ პრობლემაში, რომ ვთქვა, მიდის ის გეგმის მიხედვით, როგორც რუსები ამბობენ, თუ მე ვგრძნობ ამას. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, მიმაჩნია, რომ ეს ოპერაცია გაჭიანურდა”, – თქვა ლუკაშენკომ.

მისივე განცხადებით, უკრაინა “პროვოცირებას უწევს რუსეთს”, ბელარუსი კი მშვიდობის მომხრეა.

„ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით არანაირ ომს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ახლაც ვაკეთებთ, რომ ომი არ იყოს. ჭეშმარიტად, ჩემი წყალობით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

მაგრამ უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც ომი, სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, ხალხი იღუპება – რატომ არ არის დაინტერესებული ამ მოლაპარაკებებით?“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისივე შეფასებით, “მიუღებელი” იქნება ბირთვული იარაღის გამოყენება, მაგრამ არ იცის, აქვს თუ არა რუსეთს ასეთი გეგმები.

“ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელია, რადგან ის ჩვენს გვერდით არის – ჩვენ არ ვართ ოკეანის გადაღმა, როგორც შეერთებული შტატები. ეს ასევე მიუღებელია, რადგან მან შესაძლოა ორბიტიდან გადაისროლოს დედამიწა, კაცმა არ იცის სად. შეუძლია თუ არა რუსეთს ეს – ეს არის კითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ რუსეთის ხელმძღვანელობას”,– განმარტა ლუკაშენკომ.