“მასობრივი შიმშილობის აქტი კანონის ფარგლებში ეტევა და შესაბამისად პროტესტის რადიკალური, მაგრამ მისაღები ფორმაა.

პრობლემა სხვა რამეშია – ატარებს თუ არა პროტესტის მოთხოვნები პოლიტიკურ, თუ პერსონალურ ხასიათს? ჩემის აზრით, პოლიტიკური იქნებოდა სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნა როგორც მიმდინარე, ასევე უკვე დასრულებულ საქმეებზე, ახალი გარემოებების აღმოჩენის, ან რაიმე სხვა მექანიზმით.

ტექნიკურ საკითხებზე აქ არ ვისაუბრებ. ეს თვით სააკაშვილის და ნაც. მოძრაობის პოლიტიკური მომავლისთვისაც სასარგებლო იქნებოდა, რადგან მათ უნდა ესმოდეთ, რომ სააკაშვილს მხოლოდ მომხრეები არა ჰყავს. მას ჰყავს მოწინააღმდეგეებიც და კიდევ უფრო მეტი ისეთი მოქალაქე, რომელსაც სჭირდება გარკვევა, რასთან გვაქვს რეალურად საქმე?

უპირობო განთავისუფლება ატარებს პერსონალურ ხასიათს და, შესაბამისად, არ შეიძლება მიეკუთვნებოდეს პოლიტიკური მოთხოვნის კატეგორიას. ის რომც იქნას მიღწეული, შედეგად საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობები ნაც. მოძრაობის მიმართ კი არ შემცირდება, არამედ უფრო გაძლიერდება. ხოლო საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც სჭირდება პასუხი კითხვაზე – დამნაშავეა, თუ უდანაშაულო, პასუხის გარეშე დარჩება და უფრო საწინააღმდეგოდ განეწყობა.

ასე რომ, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროტესტი ამ სახით, ის მხოლოდ დააზიანებს ნაც. მოძრაობის პოლიტიკურ პერსპექტივას.

თუ მოთხოვნების კორექტირება მოხდა სამართლიანი მართლმსაჯულების მიმართულებით არა მხოლოდ სააკაშვილთან მიმართებაში, არამედ სისტემურად, მაშინ ამ პროტესტს აქვს შანსი”

ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ნაციონალური მოძრაობის მიერ მასობრივი შიმშილობის გამოცხადებს. ნიკა მელიას განცხადებით, შიმშილობა 300-ზე მეტმა ადამიანმა დაიწყო.