ეს სასამართლო არის მონსტრების და ჩმორების კორპორაცია – უგულავა რურუას განაჩენზე

“ეს სასამართლო სასამარლო არ არის, ეს არის მონსტრების კორპორაცია”, — ასე ეხმიანება ევროპული საქართველო ლიდერი, გიგი უგულავა გიორგი რურუას განაჩენს.

“ქართულ ოცნებას ერთადერთი რამე ჰქონდა გასაკეთებელი, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში — გაეუმჯობესებინა მართლმსაჯულება. დღეს ყველა ერთად ვხედავთ, რომ ეს სასამართლო არის ცარიელი კედლები, შიგნით მოკალათებულია კორუმპირებული, ჩმორი მოსამართლეები. ეს არის მონსტრების და ჩმორების კორპორაცია.

საქართველო ვტრიალებს ერთი და იგივე წრეზე, ხელისუფლებები იცვლება და ეს მონსტრები კიდევ უფრო ძლიერდებიან და ადამიანის სისხლით ივსებიან. ამ მოსამართლეების კინწის კვრით გამოყრას ძალიან მალე ნახავს ქართველი ხალხი”, – განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში იქნება ადამიანები სამართალს ვერ იპოვიან.

“პოლიტიკოსები მოვლენ და მივლენ, მაგერამ ეს ვირეშმაკები, რომლებიც აქ არიან დაბუდებულები, ესენი რჩებიან და თუ დროზე არ მივხედეთ, ესენი ისე გაძლიერდებიან, რომ სახელმწიფოს წაიყოლებენ”,– თქვა უგულავამ.

“მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუამ სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.