სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ აცხადებს, რომ კარტოგრაფების საქმე ავანტიურისტული და პოლიტიკურია.
“მე მაქვს ჩემი პირადი შეხედულება როგორც პროფესიონალს და როგორც მოქალაქეს, რომ ეს საქმე არის ავანტიურისტული და პოლიტიკური”, – განაცხადა ბიწაძემ ფორმულას ეთერში.
მისი ინფორმაციით, პროკურატურაში გამოკითხვა 2006 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ეხებოდა, რომელსაც სადემარკაციო კომისიის წევრები და აზერბაიჯანის რესპუბლიკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“მარტში როდესაც დავინიშნე სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსად, არავითარი ტერიტორიული ცვლილება არ მომხდარა, არცერთი სანტიმეტრით არ გადაწეულა საზღვარი არც იქეთ, არც ჩვენკენ. მე კომისიის რაიმე საქმიანობაში მონაწილეობა არ მიმიღია. ეს იყო წარმომადგენლობითი შეხვედრა დელეგაციების, რომელზეც ორივე მხარე გამოთქვამდა იმას, რომ რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს შეთანხმება ორ მოძმე რესპუბლიკას შორის. მელაძესთან სატელეფონო ან რაიმე სხვა [კომუნიკაცია] არ გვქონია”, – განაცხადა ბადრი ბიწაძემ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 21 იანვარს, ფარული ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც, უწყების განმარტებით, ივერი მელაშვილისა და საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ.-ს საუბარია ასახული.
პროკურორის, ამირან გულუაშვილის მტკიცებით, ჩანაწერით “დასტურდება, რომ მათი როგორც ექსპერტების გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს”.