ეს ტრაგედიაა, არ უნდა მომხდარიყო, სერიოზულად შევისწავლით – ტრამპი ნავალნის მოწამვლაზე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მის ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ გააჩნია იმის მტკიცებულება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოწამლულია, თუმცა შეერთებულმა შტატებმა ეს საკითხი სერიოზულად უნდა შეისწავლოს.

„ზუსტად არ ვიცი რა მოხდა. ვფიქრობ, ეს ტრაგედიაა, საშინელებაა, არ უნდა ხდებოდეს. ჯერჯერობით მტკიცებულება არ გვაქვს, თუმცა შევისწავლი,“- თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, მას არ აქვს არანაირი მიზეზი, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს გერმანიის შედეგები და ის ამაზე კარგად არის განწყობილი.

“მათ უნდათ რაღაცის გაკეთება, მათ მოქმედება უნდათ, ეს არ უნდა მომხდარიყო, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენ ვმუშაობთ უამრავ ქვეყანასთან უამრავ საკითხზე. ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ უფრო ძლიერი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანას მსოფლიოში, როგორც იცით. გეუბნებით, რომ პრეზიდენტი პუტინი ამას გეტყვით”,– აცხადებს ტრამპი.

მანვე აღნიშნა, რომ თუ ნავალნი მოწამლულია, ძალიან გაბრაზდება.

“ვხედავთ ციფრებსა და დოკუმენტებს, რადგან ჩვენ ძალიან ბევრ დოკუმენტს გამოგვიგზავნიან უახლოეს დღეებში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული. მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა “ცალსახა მტკიცებულება” იმისა, რომ ესაა “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი. ნერვული აგენტი “ნოვიჩოკი” რუსეთში მზადდება.