ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს [EMA] უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის შემთხვევებს შორის.
“ ევროპის წამლის სააგენტომ ასტრაზენეკას გვერდითი ეფექტების სიაში შეიტანა თრომბოციტოპენიით მიმდინარე უჩვეულო თრომბოტული გართულება. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის უკიდურესად იშვიათი გართულება და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან. ასევე, შემთხვევების აბსოლიტური უმრავლესობა აღწერილია ქალებში 55 წელს ქვემოთ.
მედიცინაში უამრავ ისეთ წამალს ვიყენებთ რომელიც სიკვდილის რისკსაც კი შეიცავს. მაგალითად, კარდიოლოგიაში გამოყენებული ყველაზე ეფექტური ანტიარითმიული პრეპარატების ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულება პარკუჭების ფიბრილაციაა, რაც შეიძლება სიკვდილითაც კი დამთავრდეს, თუ დროული დახმარება არ გაეწია პაციენტს. ალბათ იკითხავთ, რატომ ვიყენებთ არითმიის სამკურნალოდ პრეპარატს რომელსაც სასიცოცხლო საფრთხის შემცველი სხვა არითმიის გამოწვევა შეუძლია? რისკის და სარგებლის შეფასებაშია პასუხი.
ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს რისკის და სარგებლის გაცნობიერება. კოვიდი ძალიან მაღალი პროთრომბოტყლობით ხასიათდება და ეს რისკი შეუდარებლად მაღალია ვაქცინაციით გამოწვეულ გვერდით ეფექტებთან მიმართებაში. გამოსავალი გონიერ გადაწყვეტილებაშია. ვაქცინაციის გარეშე პანდემიის დასრულება წარმოუდგენელია. ამავე დროს, აუცილებელია რისკ ჯგუფებში გადაწყვეტილების მიღება და ვაქცინის შერჩევა მოხდეს თუნდაც თეორიული საფრთხის გათვალისწინებით.
ყოველი სიცოცხლე მნიშვნელოვანია…
კოვიდი სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს…
ვაქცინაცია კოვიდით სიკვდილისგან იცავს…
ადამიანებს უპირობოდ უნდა ჰქინდეთ არჩევანი აცრებთან მიმართებაში…
უსაფრთხო ვაქცინაცია სწორი მენეჯმენტის პირობებში ნამდვილად შესაძლებელია…
კვლევების ინტერპრეტირება არაპროფესიონალების მიერ და არასწორი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება პანდემიის პირობებში დანაშაულის ტოლფასია. კვლევების სწორად ინტერპრეტირება არ შეუძლია ყველა ექიმსაც კი. ამას სპეციალური განათლება სჭირდება. საბაზისო სტატისტიკის ცოდნაც კი არაა საკმარისი ამისთვის. არასწორ ინფორმაციას შეუძლია ადამიანს უბიძგოს სასიკვდილო საფრთხის შემცველი გადაწყვეტილებისკენ. გთხოვთ, ნუ ეთამაშებით ადამიანების სიცოცხლეს.“– წერს ნანა გეგეჭკორი.