ეს „ქართული ოცნებისთვის“ რეპრესიების გასაგრძელებად პირდაპირი დირექტივაა – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებას, რომლის თქმითაც, საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა.
„რუსეთის დუმის დეპუტატის, ოკუპანტი სახელმწიფოს გამორჩეულად აგრესიული წარმომადგენლის, სერგეი გავრილოვის განცხადება გავრცელდა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს და 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას, სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს. ეს „ქართული ოცნებისთვის“, რეპრესიების გასაგრძელებად, დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივნისის მონაწილეთა წინააღმდეგ და მათ დასასჯელად, პირდაპირი დირექტივაა. ბევრი სალაპარაკო აქ არაფერი დარჩა, წილი ნაყარია, ხაზები გავლებულია, ყველაფერი ნათელია. ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი, მეორე მხარეს დგას შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი. „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატმა თავის თავს უნდა ჰკითხოს, რომელზეც პასუხის გაცემა მრავალი წლის განმავლობაში მოუწევთ, რომელ მხარეს დგანან, დგანან გავრილოვების მხარეს თუ დგანან ანწუხელიძეების, მერაბ კოსტავების, ჟიული შარტავების, ზვიად გამსახურდიებისა და ეროვნული ღირსების მხარეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.