“ეს ყველაფერი, რაც დავწერე, საჯაროდ ითქვა რამდენჯერმე“–სერგი კაპანაძე ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დეტალებზე

ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების რამდენიმე დეტალს ასაჯაროებს. მოლაპარაკებების 3 რაუნდი დიპლომატების შუამავლობით შედგა, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული შედეგების გარეშე. საუბარია მეოთხე რაუნდზე, რომელიც სავარაუდოდ დღეს უნდა გაიმართოს. პარალელურად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია ოპოზიციის პოზიციების შესახებ, მოქალაქეების ნაწილი კი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ამომრჩევლისთვის მოლაპარაკებების პროცესი დახურულია:

“ოპოზიცია-ხელისუფლება-ელჩების მოლაპარაკებებზე.

მარაზმია და ძალიან არ მომწონს, რომ საზოგადოებას ვერ ვეუბნებით რაზე მიდის დეტალურად საუბარი. სამწუხაროდ, ასეთია მოლაპარაკებების სპეციფიკა.

ოღონდ, ვერავინ აგვიკრძალავს, ჩვენს ამომრჩეველს აღვუწეროთ სიტუაცია.
ხდება შემდეგი:

ოპოზიციურმა პარტიებმა ვთქვით, რომ არ შევდივართ, რადგან არჩევნები გაყალბდა. შემდეგ წარვადგინეთ სამი მოთხოვნა – პოლიტპატიმრები, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო სისტემა.
ქოცებმა ელჩებს უთხრეს, რომ არ განიხილავენ არჩევნებს, პოლიტპატიმრებს, ჟვანიას მოხსნას, მაგრამ მზად არიან შეცვალონ რაღაც წესები 2021 ადგილობრივი არჩევნებისთვის.

ეს წესების შეცვლა ჩვენთვის, ევროპული საქართველოსთვის ცალკე თუ ავიღებთ, მეორეხარისხოვანია. თუმცა, რადგანაც სხვები გულგრილი არ იყვნენ ამ იდეების მიმართ, და რადგანაც თუ არჩევნები ტარდება, ამ შეცვლილი წესებით უნდა ჩატარდეს, ქოცებს მივეცით დააფდეითებული დოკუმენტი. ანუ, ისევ 3 მოთხოვნა. 1. პოლიტპატიმრები. 2. არჩევნები. 3. საარჩევნო წესები, აქვე 2021-ის დეტალებით. ეს დოკუმენტი ფორმულამ გაავრცელა. ისევ ჩვენ დაგვაბრალეს უსამართლოდ, რომ ჩვენ დავლიკეთ. ამ დროს არაფერ შუაში ვართ. დალიკვა რომ გვდომოდა, ფორმულას არ მივცემდით. ისეთს მივცემდით, ვინც ჩვენთან ნაკლებად აფილირდება. ისიც ვიცით, ვინ მისცა, მაგრამ ახლა არ აქვს მნიშვნელობა.

გუშინ მიდიოდა ამ დოკუმენტზე მუშაობა. ძირითადად, მე-3 პუნქტის (საარჩევნო ადმინისტრაცია და სისტემა) დეტალებზე.

ქოცები რომ ამბობენ, პროგრესიაო, გულისხმობენ, რომ ამ მე-3 პუნქტზე რაღაცეებს თმობენ.
ოღონდ, ეგ პუნქტი იმიტომ არის მესამე, რომ პირველი და მეორეა ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ პოლიტპატიმრები და ახალი არჩევნები.

ამ ორზე თუ არ იქნა პროგრესი, პარლამენტში არ შევდივართ. მარტივია ჩვენთვის – ევროპული საქართველოსთვის.

მოწოდებები, ელჩებს არ ელაპარაკოთო, არის ინფანტილიზმი და უპასუხისმგებლობა. მოწოდებები, მეტჯერ აღარ შეხვდეთ ოცნებასო, არასერიოზულია. თუ შანსია, მიაღწიო მიზანს მოლაპარაკებით, უნდა სცადო.

პლებისციტს რაც შეეხება: პლებისციტი არის არჩევნებამდე მისვლის გზა. თუ დანიშნავს ოცნება, მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის და წესების შეცვლის შემდეგ მიღებული ცესკოს მიერ უნდა მოხდეს პლებისციტის ადმინისტრირება. ესეც უპირობო მოთხოვნაა.

ეს ყველაფერი, რაც დავწერე, საჯაროდ ითქვა რამდენჯერმე, ამიტომ გადავწყვიტე მოლაპარაკებების დეტალების გამჟღავნების გარეშე ერთად მომეყარა თავი და თქვენთვის მომეთხრო.“ – წერს სერგი კაპანაძე ფეისბუქზე.