პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის მიერ საქართველოს მწვანე ქვეყნების სიაში შეყვანას ეხმიანება. გახარიას თქმით, ეს არის ქვეყნისთვის უდიდესი შესაძლებლობა, თუმცა მთავრობის მიზანია, არ დაუშვას კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება.
“ეს, რა თქმა უნდა, არის მიღწევა თითოეული ჩვენი მოქალაქის, ეს არის საერთო შრომით მიღწევა, რომელიც ბოლო 5 თვის განმავლობაში ერთად გავიარეთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნისთვის ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ. გამოვიყენოთ ისე, რომ არ დავუშვათ არცერთ შემთხვევაში ვირუსის უკონტროლო გავრცელება”,– ამბობს გახარია.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის მოცემულ შესაძლებლობას მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის ჭრილში უნდა შევხედოთ.
“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მთავარი მიზანი, როგორც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ისევე როგორც ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფი გამოსვლის თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მიზანი გახლავთ არცერთ შემთხვევაში არ დავუშვათ ვირუსის უკონტროლო გავრცელება. სწორად ამ ჭრილში უნდა შევხედოთ ამ შესაძლებლობას და იმ დაფასებას, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა განგვისაზღვრეს. რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ, ობიექტური შეფასებისთვის, რომელიც მთავრობის მიერ გაწეული შრომის დაფასების თვალსაზრისით მივიღეთ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ცალკეულ ქვეყნებთან მწვანე კორიდორების შექმნასთან დაკავშირებით”,– განაცხადა გიორგი გახარიამ.