სალომე ზურაბიშვილი უცხოურ მედიასთან კვლავ 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს. პრეზიდენტმა France 24-ის ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად , საქართველოში დემოკრატიის დაღმასვლის თაობაზე თქვა, რომ მომავალი არჩევნები იქნება ტესტი დემოკრატიის თვალსაზრისით. პრეზიდენტი აანონსებს, რომ საარჩევნო წელს ევროპის ყველა მომხრესთან ერთად არჩევნების წინა ხაზზე იქნება.
“თქვენც და მეც ვიცით, რომ სხვადასხვა დროს დაღმასვლებია ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. მნიშვნელოვანი ისევ და ისევ ხალხის ნება და მისწრაფებაა. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი წელი გველის, ოქტომბრის თვეში არჩევნებია და ვფიქრობ, ეს იქნება ტესტი. ერთგვარად კანდიდატის სტატუსს წინასწარ ვიღებთ, როგორც ქართველი ხალხისა და მისი ინსტიტუციების ნდობის ნიშანს. ვიმედოვნებ, რომ ისინი კონსოლიდირებული იქნებიან და მე ყველაფერს ვიზამ, რათა მოსახლეობასა და ევროპის ყველა მომხრესთან ერთად იმ არჩევნების წინა ხაზზე ვიყოთ, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველო იქაა, სადაც უნდა იყოს, ევროპისაკენ მიმავალი, ევროპაში შემავალი. “–თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ, ისევ პროევროპული ენით დაიწყეს საუბარი. ჟურნალისტმა სახელისუფლებო პარტიის ცვალებად რიტორიკაზე გაამახვილა ყურადღება და ზურაბიშვილს სთხოვა აეხსნა, საბოლოოდ, მთავრობა მას ეთანხმება თუ არა.
ჟურნალისტი:
უკვე ერთი თვე გავიდა, რაც მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო თქვენი იმპიჩმენტი და ევროპაში ვიზიტებში დაგდოთ ბრალი. და რატომ იყავით თქვენ აქ? აქ იყავით, როგორც თქვენ ამბობთ, კერძო გარემოებაში, რათა წინ წაწიოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები. ამიხსენით, პრემიერ–მინისტრმა ასევე დატვიტა რამდენიმე დღის წინ, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შესახებ, თქვა რა, რომ მოხარულია საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრით და მოხარულია, რომ საფრანგეთი საქართველოს მის ევროპულ გზაზე ეხმარება. რაიმეს ვერ ვხვდები მე? თქვენი მთავრობა არ გეთანხმებათ?
სალომე ზურაბიშვილი:
ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში მაინც მეთანხმებოდა, როდესაც ამირჩიეს. ჩემი არჩევა მაშინ ნაწილობრივ მმართველი პარტიის მხარდაჭერით, მაგრამ ასევე, ხალხის მხარდაჭერით მოხდა, რადგან მე ხალხმა ამირჩია. ეს ხალხი საქართველოს მომავალ ევროპელ ლიდერად მხედავს და მე საქართველოს ევროპაში მივუძღვი, რასაც ჩემი არჩევის დღიდან, ხუთი წელია მუდმივად ვაკეთებ. საგარეო პოლიტიკის მხრივ მე ნაწილობრივ ცერემონიალური როლი მაქვს, მაგრამ ამავდროულად, წარმოვადგენ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. მაშასადამე, ევროპული კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რაც გარკვეულწილად მოასწავებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ევროპული საბჭო 15 დეკემბერს მიიღებს, ძალიან დიდი ნაბიჯია და ამ ნაბიჯის შედეგი, რასაც მე მივესალმები, ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ დაიწყეს პროევროპული ენით საუბარი, რაც გარკვეული დროის განმავლობაში გარკვეულწილად ჩაახშეს. მაგრამ, გადაწყვეტილების შემდეგ ისინი ნათლად ამბობენ, რომ მიესალმებიან გადაწყვეტილებას და მაკრონთან ვიზიტიც ამის ნაწილია. ასე რომ, თუ ეს საქართველოში ახალი კონსენსუსია, ამის მხოლოდ მოხარული ვიქნები.
სალომე ზურაბიშვილს შეკითხვა დაუსვეს „ოცნებასა“ და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებზეც. ჟურნალისტმა მას შეახსენა იმპიჩმენტის კენჭისყრისას პარლამენტში მისი სიტყვით გამოსვლაც, სადაც ზურაბიშვილი ამბობდა, რომ ხელისუფლება რუსეთს პატივისცემით ეპყრობა, ევროკავშირს კი არა. პრეზიდენტმა ამ თემის კომენტირებისას თქვა, რომ რუსეთთან ლოიალური დამოკიდებულების გამოჩენა მიუღებელია, მისი აგრესიისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება კი არის ევროკავშირი და ნატო.
ჟურნალისტი:
თქვენ ახლახან მიმართეთ თქვენი ქვეყნის პარლამენტს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც თქვენი იმპიჩმენტი მიმდინარეობდა და გააკრიტიკეთ ,,ქართული ოცნება”, როგორც თქვენ თქვით, რუსეთისათვის ზედმეტი პატივისცემისა და ევროპისათვის იმავე პატივისცემის არგამოხატვის გამო. არის რაღაც, რაც ახლაც არ მესმის, ეს ჩემთვის მთავრობის თამაშს ჰგავს. ეს მთავრობა პუტინს ზედმეტი პატივისცემით ეპყრობა? როგორ აკეთებენ ამას თქვენი აზრით?
სალომე ზურაბიშვილი:
მე ამას თვითკმაყოფილებას დავარქმევდი და ეს შესაძლოა, უკრაინაში ომის შემდგომი შედეგი იყოს, რომ ზოგიერთი ლიდერი შთაბეჭდილების ქვეშაა, რას შეიძლება ცდილობდეს რუსეთი საქართველოში თუ საქართველოს მიმართ უკრაინაში რუსეთის მარცხის დასაკომპენსირებლად. ზოგიერთი ადამიანი ასეთი პერსპექტივის მიმართ შესაძლოა, შიშს გრძნობდეს, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ. ვფიქრობ, საუკეთესო თავდაცვა ევროკავშირის სოლიდარობაა. საუკეთესო თავდაცვა ჩვენს საზოგადოებასთან, ჩვენს ოჯახთან ყოფნაა. რასაც ვხედავთ ისაა, რომ საბოლოო ჯამში, რუსეთისათვის წითელი ხაზი ევროკავშირისა და ნატოს ხაზია. სწორედ ეს უნდა ჩემს ქვეყანას, ეს უნდა მოსახლეობას.
France 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში ზურაბიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებაც ისაუბრა. პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთი ომში მარცხდება და მისმა არმიამ რეპუტაცია სრულად დაკარგა. ზურაბიშვილის თქმით, ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ საერთაშორისო ფინანსურ სანქციებს საქართველოც უერთდება, თუმცა, რაღაცის შიშის გამო, ამის შესახებ ნაკლებად საუბრობენ.
ჟურნალისტი:
კიდევ ერთი რამ მინდა გკითხოთ რუსეთზე. 15 წელი გავიდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა თქვენი ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა. მოსკოვის ჯარები დღესაც იმყოფებიან როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთში. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20% აქვს ოკუპირებული და ეს ისაა, რაც მათ ახლა უკრაინაში აქვთ ოკუპირებული. როგორ ფიქრობთ, საქართველო შემდეგია? აქვს რუსეთს საქართველოზე იგივე გეგმა, რაც უკრაინაზე ჰქონდა?
სალომე ზურაბიშვილი:
საქართველო იყო პირველი და უკრაინა შემდეგი, თუ მომხდარის ქრონოლოგიას ავიღებთ. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, მათი დამოუკიდებლობის აღიარება, და ის ფაქტი, რომ დასავლეთში ამაზე არავის სერიოზულად არ მოუხდენია რეაგირება, ალბათ, ესაა ის, რამაც რუსეთს გზა გაუხსნა იმის მცდელობისათვის, რასაც უკრაინაში აკეთებს. მაგრამ უკრაინაში ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. უკრაინამ პუტინის ყველა იმედი დაამარცხა იმ გამძლეობით, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა და უკრაინის მოსახლეობამ გამოიჩინეს ამ უზარმაზარი თავდასხმის, ტრაგედიისა და აგრესიის წინაშე. მაგრამ რუსეთმა უკვე დაკარგა თავისი პრესტიჟი, რუსული არმიის პრესტიჟი. ექნება თუ არა საქართველოში რაიმეს გაკეთების ცდუნება, ეს ისაა, რაზეც ყოველთვის ვფიქრობთ და ამიტომ გვჭირდება ევროპული მხარდაჭერა. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენს პარტნიორებთან, ამიტომ უნდა შევუერთდეთ იმ სანქციებს, რომლებიც შეგვიძლია. და მინდა დავამატო ის, რომ საქართველოსთვის, მისი გეოპოლიტიკური წნეხიდან და ოკუპირებული ტერიტორიიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ ეროვნული სანქციების დაწესება არავის მოუთხოვია. ჩვენ ვართ საერთაშორისო ფინანსური სანქციების ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანია ამის თქმა. არ ვიცი რატომ ვიმალებით რაღაცის უკან.
სალომე ზურაბიშვილის მიერ France 24-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს წინ უძღოდა „ლე მონდისთვის“ მიცემული ინტერვიუ, სადაც პრეზიდენტმა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა და თქვა, რომ მას რუსეთის დამარცხება წარმოუდგენლად მიაჩნია. ამავე ინტერვიუში, ზურაბიშვილმა პირველად თქვა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესის უკან, დიდი ალბათობით, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იდგა. არაფორმალური მმართველის ღია კრიტიკის გამო, პრეზიდენტს „ოცნების“ ლიდერებმა გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და არასასურველი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, მას სააკაშვილის ბედის გაზიარებითაც დაემუქრნენ.