ეუთო/ოდირი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დამკვირვებლებს გამოგზავნის

ეუთო/ოდირი საქართველოში 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამკვირვებლებს გამოგზავნის.ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ალბერტ ჯონსონის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცედურას 350 მოკლევადიანი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. ალბერთ ჯონსონის ინფორმაციით, სადამკვირვებლო მისია შედგება ძირითადი გუნდისგან, რომელიც 12 საერთაშორისო ექსპერტს აერთიანებს. ძირითადი ჯგუფი დაფუძნებულია თბილისში და დროებითი ოფისი საქართველოში მომდევნო 7 კვირის განმავლობაში იქნება.

„ჩვენი მთავარი მისია გახლავთ, რომ დავაკვირდეთ არჩევნებს და ასევე, სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომ სათანადოდ იყოს დაცული საარჩევნო პროცედურები. ოდირი ასრულებს თავის მანდატს, რაც გულისხმობს არჩევნების მონიტორინგს. ჩვენ უკვე გავმართეთ შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად და ცენტრალურ საარჩევო კომისიასთან ერთად, გავაცანით მათ ჩვენი გუნდი და გავაცანით ჩვენი მისიის საქმიანობების შესახებ დეტალები. ჩვენი სადამკვირვებლო მისია შედგება ძირითადი გუნდისგან, რომელიც შედგება 12 საერთაშორისო ექსპერტისგან, ესენი არიან საარჩევნო, პოლიტიკური, მედია ანალიტიკოსები, გარდა ამისა ტექნიკური და ლოჯისტიკური ექსპერტები არიან ჩართულები ამ მისიაში. ძირითადი ჯგუფი დაფუძნებულია თბილისში და ჩვენი დროებითი ოფისი იქნება აქ მომდევნო 7 კვირის განმავლობაში. 2 სექტემბერს ჩამოვა, ასევე, 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი. ისინი განთავსდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და დააკვირდებიან რეგიონულ დონეზე საარჩევნო პროცესებს. არჩევნების დღემდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენ მოვითხოვეთ, რომ გვყავდეს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი. მათი როლი იქნება, რომ დააკვირდნენ კენჭისყრის პროცედურებს, ასევე ხმის დათვლის პროცედურებს მთელს ქვეყანაში. მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ ჩვენ ვაკვირდებით არჩევნებს ოდირის მიერ დადგენილი სადამკვირვებლო მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომელიც იყო გადახედილი და ამ მეთოდოლოგიას აქვს 20- წლიანი ისტორია. ჩვენ ასევე დავაკვირდებით საარჩევნო კამპანიის აქტივობებს, ასევე, კამპანიის დაფინანსებას, მედია გარემოს, მედია გაშუქებას და დაფარვას, ასევე, იურიდიულ, სამართლებრივ ჩარჩოებს და დავების მოგვარების საკითხს. შესაბამისად, ჩვენ გავმართავთ მთელ რიგ შეხვედრებს საარჩევნო ადმინისტრაციასთან, ძირითადად ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ასევე, მედია წარმომადგენლებთან,“ – განაცხადა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.