ეუთო/ოდირი საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება – “ფორმულა”

ეუთო/ოდირი  საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება. ამის შესახებ, ეუთო/ოდირმა  ფორმულასთან  განაცხადა და აღნიშნა, რომ  ოცნების მთავრობისგან არ მიუღია მოწვევა თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად.

“ეფექტური სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებისა და დამკვირვებლების განლაგებისთვის დარჩენილი შეზღუდული დროის გათვალისწინებით, ODIHR-ს აღარ შეუძლია ჩაატაროს ყოვლისმომცველი და შინაარსიანი არჩევნების დაკვირვება.[…] როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ, საქართველომ აიღო ვალდებულება, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ODIHR არ აკეთებს კომენტარს იმ არჩევნებზე, რომლებსაც არ აკვირდება, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს ჩვენი მანდატით განსაზღვრულ ყველა სფეროში”, – აცხადებენ ეუთო/ოდირში.

ეუთო/ოდირში აცხადებენ, რომ 2014 წლის გამონაკლისის გარდა, როდესაც შეზღუდული ბიუჯეტის გამო საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს ვერ დააკვირდნენ, ეს პირველი არჩევნები იქნება, რომელზეც არ იწვევენ.

“საქართველოში პირველი საყოველთაო ადგილობრივი არჩევნები 2002 წელს ჩატარდა და მას შემდეგ, ODIHR-ს რეგულარულად იწვევენ საქართველოში ყველა ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ჩვენ სადამკვირვებლო მისიები გავგზავნეთ ყველა არჩევნებზე, გარდა ერთისა (2014 წელს, შეზღუდული ბიუჯეტის გამო).

ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის არსებობა ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობას, ხოლო ჩვენი რეკომენდაციები ხელს უწყობს არჩევნების მთლიანობის გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე.

გასული ორი ათწლეულის განმავლობაში ODIHR არაერთ მუნიციპალურ არჩევნებს დააკვირდა. ბოლო მაგალითებია: ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში, სერბეთში – 2024 წლის ივნისში და მოლდოვაში – 2023 წლის ნოემბერში”, – განუცხადეს ფორმულას ეუთო/ოდირში 18 ივნისს.

18 ივნისს დიდი ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში ქართული ოცნების ხელისუფლებას მოუწოდა, წლევადელ თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისია მოიწვიოს.