ექიმების ჯგუფი ვიწყებთ მოძრაობას “გადაარჩინე მიშა” – ლევან ფერაძე

ნიუ ჰოსპიტალსის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი, ლევან ფერაძე აცხადებს, რომ ექიმების ჯგუფი იწყებს მოძრაობას “გადაარჩინე მიშა”.

მისი განმარტებით, მოძრაობის მიზანია, სასწრაფოდ გაიგზავნოს სააკაშვილი სამკურნალოდ დასავლეთის სპეციალიზირებულ კლინიკაში.

“მისი მდგომარეობა უმძიმესია, ძალიან მაღალია რისკი, უახლოეს მომავალში, განვითარდეს ღრმა უნარშეზღუდულობა, ან მოწმენი გავხდეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაღუპვის”,– წერს ის Facebook-ზე.

იგი აქვეყნებს საქართველოს მოქალაქეების, ექიმთა დარგობრივი ასოციაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მიმართვას საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობების, მათი დიპლომატიურ კორპუსის, ასევე ევროსაბჭოსა და აშშ–ის კონგრესს მიმართ.

“ღრმა შეშფოთებით გაცნობებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბ–ნ მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის მდომარეობა პროგრესულად მძიმდება. მას აღენიშნება მოძრაობის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება, მძიმე ნევროლოგიურ სინდრომთა ერთობლიობა, მუდმივი ტკივილის სინდრომი. ბ–ნ სააკაშვილს 50 დღიანი პოლიტიკური შიმშილობის შემდგომ რამდენიმე კომპეტენტური კომისიის მიერ დასმული აქვს ვერნიკეს ენცეფალოპათიის დიაგნოზი და მიუხედავად ამისა, არც ერთ ეტაპზე არ ჩასტარებია სათანადო მკურნალობა.

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე ვერ მოხერხდა შესაბამისი აპარატით ქვეყნის მესამე პრეზიდენტისთვის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარება, რაც ექიმებს საშუალებას მისცემდა, დაეზუსტებინათ დიაგნოზი, განესაზღვრათ თავის ტვინის დაზიანების ხარისხი.

ყოველივე ზემოთქმული აჩენს ეჭვს, რომ პოლიტიკური პატიმარი – სააკაშვილი წინაწარგანზრახვით ვერ იღებს შესაბამის სამედიცინო მომსახურეობას, მისი შემდგომი ინვალიდიზაციის, შრომის უნარიანობის მკვეთრი დაქვეითების მიზნით.

პრეზიდენტ სააკაშვილს გადაუდებლად ესაჭიროება მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციის კურსის ჩატარება დასავლეთის პროფილურ კლინიკაში. მცირედი დაყოვნებაც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს მისი სიცოცხლისთვის.

უმორჩილესად გთხოვთ, გამოიყენოთ საქართველოს ხელისუფლებაზე თქვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლო ბერკეტი, რათა წერტილი დაესვას პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, მიეცეს მას საშუალება, მიიღოს შესაბამისი მკურნალობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ”,- წერია განცხადებაში.