ექიმი ვახტანგ ყიფიანი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ექიმ ვახტანგ ყიფიანს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 50 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა და გაათავისუფლა. მასთან ერთად დაკავებული მაგდა ხოჭოლავა ისევ პატიმრობაში დატოვა.

ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.

პროკურატურამ სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი ვახტანგ ყიფიანი აგვისტოში დააკავა.  უკანონო საექიმო საქმიანობის ბრალდებით დააკავეს მაგდა ხოჭოლავა.

გამოძიების ინფორმაციით, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა პაციენტი დაარწმუნა, რომ ქირურგიულ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები ჩაუტარებდნენ, თუმცა ოპერაცია, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, თავად გაუკეთა. პაციენტი ნათია ცირეკიძე დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.