ექიმი ნინო გოგორიშვილი ჰოსპიტალიზებულია – მთავარი არხი

“მთავარი არხის” ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი ჰოსპიტალიზებულია. ტელევიზიით ინფორმაციით, მას ინსულტის ნიშნები განუვითარდა, რის გამოც ამავე ჰოსპიტალის სტაციონარულ განყოფილებაშია მოთავსებული.

გუშინ ჰოსპიტლის მთავარმა ექიმმა განაცხადა, რომ გოგორიშვილი მძიმე სტრესულ მდგომარეობაში ჩააგდო ნიკა გვარამიას განცხადებამ. გოგორიშვილი ირწმუნება, რომ სააკაშვილის ადვოკატმა “შეცდომაში შეიყვანა” და “ხელი მოაწერინა” დოკუმენტზე, სადაც ის რეკომენდაციას გასცემს, სააკაშვილი სრული რეაბილიტაციისთვის გადაიყვანონ საზღვარგარეთ.

მისი განმარტებით, გვარამიას უთხრა, რომ ფსიქოთერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექსპრეზიდენტი თავისუფალი იქნება, ადვოკატმა კი ფაქტების ინტერპრეტაცია მოახდინა.

ნიკა გვარამიამ ჰოსპიტალს მოუწოდა, ამოიღონ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლებამ ექიმზე ზეწოლა მოახდინა.