ნიკა მელიას დაკავებას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმით აღებას დასავლეთში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. განცხადებები გააკეთეს ამერიკის კონგრესის წევრებმა, სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებმა, ამერიკის საელჩომ საქართველოში და ექსპერტებმა ვაშინგტონში.
ყველა მათგანი ამბობს, რომ მელიას დაკავება საქართველოს დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. უმეტესობა, საქართელოს ევროინტეგრაციისკენ სავალ გზაზე, ასეთი ქმედებების გამო, წინააღმდეგობების შექმნაზეც საუბრობს.
მელიას დაკავებას, ვაშინგტონში, „ატლანტიკურ საბჭოშიც“ გამოეხმაურნენ. ექსპერტები, რომლებიც საქართველოს კარგად იცნობენ და წლებია ქვეყნასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან ამბობენ, რომ მელიას დაკავება არ იყო საქართველოს დემოკრატიისთვის დადებითი ნაბიჯი.
ჯონ ჰერბსტი, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ქვეყანა მძიმე პოლიტიკური გამოწვევების წინაშეა. ის მოხარული იქნებოდა, თუ ნახავდა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან შეთანხმებას მიაღწევდნენ.
„გასულ წელს, „ქართულმა ოცნებამ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც კომპეტენტურმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა თქვეს, რომ ეს არჩევნები ხარვეზებით ჩატარდა, თუმცა არა გამოუსწორებელი შეცდომებით, „ენმ“-მ, სამწუხაროდ არ აღიარა ამ არჩევნების ლეგიტიმურობა“,- წერს ჰერბსტი.
მკვლევარი და ყოფილი ელჩი თვლის, რომ მიუხედავად იმისა, როგორი აზრთა სხვადასხვაობაა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, ოპონენტის დაკავება პოლიტიკური შურისძიების მიზნით, არასწორია.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ [მელიას] დაპატიმრება უბრალო სამართლიანობის საკითხი იყო, ეს ბევრად უფრო ჰგავს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. გასაკვირია, რომ მათ ეს ნაბიჯი გადადგეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრემიერმა გახარიამ მელიას დაკავებას გადადგომა არჩია. საქართველოს მთავრობამ, დაუყოვნებლივ, უნდა გაათავისუფლოს ნიკა მელია და უნდა მონახოს დემოკრატიული გზები „ენმ“-სთან თავისი პოლიტიკური შეჯიბრების გადასაწყვეტად“, – ამბობს ჰერბსტი.
ლინკოლნ მიჩელი, მკვლევარი და პოლიტიკური ანალიტიკოსი „კოლუმბიის უნივერსიტეტიდან“ თვლის, რომ მელიას დაკავებამ, საქართველოში არსებული მწვავე პილიტიკური კრიზისი გააღრმავა.
„ნიკა მელიას დაკავებამ, ქვეყანაში არსებული გარემო კიდევ უფრო გააუარესა, თუმცა, საკუთრივ ეს ფაქტი არ წარმოადგენს დრამატულ ცვლილებას საქართველოს პოლიტიკური სიტუაციისთვის. ეს დაკავება, ისევე როგორც ხარვეზიან, თუმცა ლეგიტიმურ არჩევნებში წაგების შემდეგ, პარლამენტის ბოიკოტირება პოლიტიკური პარტიების მხრიდან საქართველოში დემოკრატიის ფართო კონტექსტის ნაწილია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია შეჩერებულია“,- ვკითხულობთ მიჩელის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პოლიტიკური ანალიტიკოსი თვლის, რომ ქვეყანაში სიტუაციის გასაუმჯობესებლად ამერიკის ჩართულობა საჭიროა.
„ორივე მხარე საქართველოში, ისევე როგორც დასავლური ძალები და ამერიკა, უნდა ფოკუსირდნენ არა იმაზე, რომელი მხარეა მართალი, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, არამედ იმაზე, რომ იპოვონ დეესკალაციის გზები“, ამბობს მიჩელი.
ტერელ ჟერმან სტარი, „ატლანტიკური საბჭოს“ არარეზიდენტი წევრი და ჟურნალისტია. ის საქართველოში ვარდების რევოლუციის დროს ცხოვრობდა. ის კარგად იცნობს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს და იქ არსებულ გამოწვევებს.
სტარი ამბობს, რომ მელიას დაკავება „შემაშფოთებელია“, თუმცა ეს ქართველი ხალხისთვის ახალი არ არის. მისი თქმით, 2003 წელს, ვარდების რევოლუციის საკუთარი თვალით ხილვამ და იმის ნახვამ, თუ როგორ აქტიურად იბრძოდა მაშინ ქართველი ხალხი რეჟიმის წინააღმდეგ, იმედს აძლევს იმის საფიქრალად, რომ „ქართველები არ დაუშვებენ დემოკრატიის უკან დახევას“.
„ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის, ძალიან ცოტაა ისეთი, რომელსაც შეუძლია შეესაბამებოდეს ქართველი ხალხის დამოუკიდებელ სულისკვეთებას. დიახ, ეს ცუდი ფაქტია და ამერიკა უნდა დაუკავშირდეს პრემირ-მინისტრ ღარიბაშვილის მთავრობას და დიპლომატიის გზით შეახსენოს საკუთარი ვალდებულებების შესახებ დემოკრატიული ღირებულებებისადმი. თუმცა, კიდევ ერთხელ, როგორც ადამიანი ვინც საქართველოში ცხოვრობდა და ვინც ვარდების რევოლუცია ნახა ვამბობ, რომ თუ რომელიმე ქვეყნის ხალხს შეუძლია დემოკრატიის უკან დახევის წინააღმდეგ მობილიზება, მაშინ ეს ქართველი ხალხია“,- წერს სტარი.
ნიკა მელია ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. 25 თებერვლას, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ თუ მელია გირაოს გადაიხდის, მაშინ ისინი სასამართლოს პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობით მიმართავენ. ოპოზიციური ძალები ამ შეთავაზების წინააღმდეგი არიან.
წყარო: ამერიკის ხმა