პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რატომ არ უერთდება საქართველო რუსეთის სანქციებს. ის იმ ეკონომიკურ სარგებელზე საუბრობს, რაც ბიზნესმენებმა რუსეთში პროდუქციის ექსპორტი მიიღეს, ასევე, ასახელებს რუსი ტურისტებისგან მიღებულ შემოსავლებს და გზავნილებს.
“მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენს მიერ წარმოებული გონივრული და ეროვნული პოლიტიკის შედეგად, რომელიც დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს, მივაღწიეთ ყველაფერს – მივაღწიეთ ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას, უვიზო რეჟიმს, თავისუფალ ვაჭრობას და სხვა უამრავ პროგრესს. ამასთანავე, პარალელურად, ჩვენ მივაღწიეთ რუსეთის ბაზრის გახსნას. მინდა, რამდენიმე მაგალითით ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რას ნიშნავდა ჩვენთვის რუსეთის ბაზრის გახსნა.
2013–2021 წლებში საქართველოდან რუსეთში ჯამში ექსპორტირებული არის 2 მილიარდი დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია, სხვა პროდუქციის ექსპორტის ჯამური ღირებულება შეადგენს 3 მილიარდ დოლარს. ჯამურად, ღვინის ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 865 მილიონი დოლარი. ეს ყველაფერი დაკეტილი იყო და გახსოვთ, როგორ ექცეოდნენ ფერმერებს, მევენახეებს, საკუთარ ხალხს ვენახის გაჩეხვას აიძულებდნენ.
ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 5 წელში 3 მილიარდი დოლარი მიიღო შემოსავლის სახით და 5 მილიონზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა. 1 მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში და ყოველწლიურად საშუალო გადმორიცხვები შეადგენს დაახლოებით 500 მილიონს. ანუ ბოლო წლებში 3 მილიარდი შემოვიდა რუსეთიდან. ამ ყველაფერში ჩართულია თითქმის მთელი მოსახლეობა. და რას მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები? ეს ვის მოაკლდება? ჩვენს ხალხს”,– ამბობს ღარიბაშვილი.