ევროპული საბჭოს ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას ეჭვი აქვს, რომ დოკუმენტი, რომელიც დანიელსონმა მოლაპარაკების მხარეებს უნდა წარუდგინოს, ქართულ ოცნებასთან შეჯერებულია.
“გუშინ კობახიძე შეხვდა დანიელსონს, მერე ჩაატარა პოლიტსაბჭო, ივანიშვილს შეუთანხმეს რაღაც. მერე დაბრუნდა დანიელსონთან და შემდეგ ისევ პოლიტსაბჭო ჩაატარეს. ეს მე მიჩენს საკმაოდ დასაბუთებულ ეჭვს, რომ ქართულ ოცნებას ამ დოკუმენტის მთელი რიგი პუნქტები ეცნობა გუშინ და გარკვეულწილად შეჯერდა. თუ ეს ასეა, ეს აყირავებს პროცესს”,- ამბობს უგულავა TV პირველის ეთერში.
მისივე განცხადებით, თუ დოკუმენტი წინასწარ “მოთელილია” ქართულ ოცნებასთან, ისე რომ ოპოზიციამ არ იცის, ეს ამძიმებს სურათს და ნიშნავს, რომ ის მმართველ პარტიაზეა მორგებული.
“ეს რომ დადასტურდეს, ეს მისია ჩავარდნილია, მიუხედავად იმისა, რა დოკუმენტი იქნება. თუ იმათ შეუთანხმეს გუშინ რამე, მაშინ ჩვენთვისაც უნდა მოეცათ”,- აღნიშნავს უგულავა.
ამ წუთებში კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკება მიმდინარეობს. ოპოზიციის ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი აპირებს, მხარეებს წარუდგინოს დოკუმენტი, რომელიც დისკუსიას აღარ დაექვემდებარება.