ე.წ. კოალიცია ვერ მოაგვარებს პრობლემებს, საკრებულოში ოცნება უმრავლესობითაა – კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე “ქართული ოცნების” სხვა ლიდერების მსგავსად ამბობს, რომ ნიკა მელიას კოალიციური მთავრობა ქალაქის პრობლემებს ვერ მოაგვარებს, რადგან საკრებულოს უმრავლესობაში ქართული ოცნებაა.

მისი განმარტებით, საკრებულოს გარეშე თბილისის მერი ვერ დაამტკიცებს ბიუჯეტს, ვერ დანიშნავს ადამიანებს თანამდებობებზე და ა.შ.

“ე.წ. კოალიცია ვერ შეძლებს იმ პრობლემების მოგვარებას, რასაც საგზაო ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვითი პოლიტიკა ჰქვია. ჯერ ერთი, თბილისის საკრებულოში არის პარტია ქართული ოცნება წარმოდგენილი უმრავლესობით. [ეს ეხება] ყველაფერს, ბიუჯეტის დამტკიცებას. მე როდესაც გავიმარჯვებ და წარვუდგენ საკრებულს კანდიდატებს, ვინ უნდა იყოს ჩემი მოადგილე, გამგებელი, სამსახურის უფროსები, შეიძლება მე ძალიან დიდი სურვილი მქონდეს კონკრეტული კანდიდატების დანიშვნის, მე ამის უფლება არ მაქვს, სანამ საკრებულო არ დაეთანხმება”,– ამბობს კალაძე რუსთავი 2-ის ეთერში.

მისივე მტკიცებით, ნიკა მელიას თბილისის განვითარების ხედვა არ გააჩნია.

“აი, დავუშვათ გაიმარჯვა მელიამ? როგორ წარმოგიდგენიათ ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა? ადამიანს, რომელსაც არანაირი ხედვა, კონკორეტიკა, გეგმა და პროგრამა არ გააჩნია ქალაქთან დაკავშირებით. მე ხომ არ ვიგონებ?! ადამიანმა ისე ჩაატარა საარჩევნო კამპანია საერთოდ თბილისზე არ უსაუბრია და ერთი კონკრეტული პროექტი არ დაუსახელებია”,– აღნიშნა კალაძემ.