“ე.წ. პროკურატურის მოქმედება სახელმწიფოებრიობის საბოტაჟია – კოალიცია ცვლილებისთვის ივანიშვილის პროკურატურის მიერ 7 არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“დღეს, როდესაც უვიზო მიმოსვლის შეჩერების თავიდან ასაცილებლად რეჟიმისთვის მიცემული ვადის გასვლამდე სულ ოთხი დღეა დარჩენილი, უმძიმესი ბრალდებებით, ე.წ. პროკურატურა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს აყადაღებს, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს დაჭერით ემუქრება.
ეს კიდევ ერთი ცხადი განაცხადია რეჟიმის მხრიდან, რომ ის ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაჩერებლად, ე.წ. პროკურატურის მოქმედება კი საქართველოს ევროპული გზის, საქართველოს მოქალაქეთა ღირსეული მომავლის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ საბოტაჟია.
კოალიცია ცვლილებისთვის სოლიდარობას და სრულ თანადგომას ვუცხადებთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მივმართავთ რეჟიმის წარმომადგენლებს:
არ არსებობს ძალა, რომელიც შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ. ჩვენ, როგორც ჭეშმარიტად ევროპული საზოგადოება, მზად ვართ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად ყველაფრის ფასად.
ივანიშვილის რეჟიმი შეუთავსებელია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან, ამიტომ მოგმართავთ ყველას, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია:
13 სექტემბერს, 19 საათზე შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ჩვენი სიმრავლით, ერთობით და ბრძოლით რეჟიმს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები”. – წერს კოალიცია.